ბათუმში რუსთაველის ქუჩის მიმდინარე აქციაზე გზის გადაკეტვის მცდელობისას, პოლიციამ აქციის ერთი მონაწილე დააკავა. აქციის დანარჩენი მონაწილეები კი გზის სავალი ნაწილიდან ძალის გამოყენებით გადაიყვანა. დაკავებულის დედის თქმით, მისი შვილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა. შსს პრესამსახურის თანახმად, ბათუმში აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულია ერთი ადამიანი. დემონსტრანტებმა რუსთაველის ქუჩის გადაკეტვა მას შემდეგ სცადეს, რაც მთავრობის თავჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სხვადასხვა სოციალური მოთხოვნით ქუჩაში გამოსულ მოქალაქეებს არ შეხვდა. სოციალურად დაუცველები, უსახლკაროები, იპოთეკით დაზარალებულები და სტიქიის ზონებში მცხოვრები მოქალაქეები საპროტესტო აქციაზე 19 აპრილს აჭარის მთავრობის სახლთან შეიკრიბნენ. ისინი აცხადებდნენ რომ სოციალური პრობლემები აერთიანებთ და მოგვარებას უკვე რამდენიმე წელია ითხოვენ. მოქალაქეები აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას მოითხოვდნენ. საპროტესტო აქციაზე აჭარის მთავრობის წარმომადგენელი კახა შაშიკაძე გამოვიდა და განაცხადა, რომ თორნიკე რიჟვაძე ახლა ქალაქში არ იმყოფება. აქციის მონაწილეების თქმით, თუ უახლოეს დღეებში მათ თორნიკე რიჟვაძე არ შეხვდება, 24 აპრილს მრავალრიცხოვან აქციას გამართავენ. ...