დღეს, 20 აპრილს, ქალთა მოძრაობა თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ქალთა მარშს გამართავს. ქალების მიერ ორგანიზებული აქცია-მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება. ქალები შეიკრიბებიან ქუთაისში, გორში, მარნეულში, ახმეტაში, ბოლნისში, ბათუმში, ოზურგეთსა და წნორში. ქალთა მარშის მთავარი მოთხოვნა წელსაც, ისევე როგორც ერთი წლის წინ, მარტში, „აგენტების კანონის“ პარლამენტიდან გაწვევაა. ქალთა მოძრაობა აცხადებს, რომ ამ ქვეყნის ამომრჩეველ 53% ქალს „რუსული კანონით ვერ დაადუმებენ“ და, რომ მათი ხმა ყველა ქალის ხმას მოიცავს: ემიგრანტი და მარტოხელა დედების, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები რელიგიური და ეთნიკური უმცირესობის ქალების, შშმ ბავშვების დედების და თავად შშმ ქალების, ხანდაზმულების, ახალგაზრდების, ძალადობაგამოვლილი, დევნილი, ქვიარი, თუ კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ქალისას. „ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, რომელიც სათანადოდ არასდროს იცავდა ქალების უფლებებს და ინტერესდებოდა ჩვენი პრობლემებით. რუსული კანონით კი საბოლოოდ გვდევნიან ყველა სივრციდან. ჩვენ ვეღარ გაგაგონებთ ხმას, როდესაც განვიცდით ძალადობას, ვითხოვთ მკურნალობას, ჩვენს შვილებს სჭირდებათ წამალი“, - წერია მათ განცხადებაში. ასევე ნახეთ "არა ტოტალურ კონტროლს, არა რუსულ კანონს" - იმართება ქალების მარში ქალთა მარშის ორგანიზატორებს სეჯრათ, რომ ე.წ. აგენტების კანონის და გენდერული კვოტების გაუქმების მიზანი ძალაუფლების შენარჩუნებაა, რაც კიდევ უფრო დიდ საფრთხეს უქმნის საქართველოში მცხოვრებ ყველა ქალს. „ვაფრთხილებთ ყველას, რომ ჩვენი ხმა გადამწყვეტია! არა რუსულ კანონს! კი ევროპას!“, - წერენ ქალთა მარშის ორგანიზატორები. „აგენტების კანონი“ საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით 17 აპრილს დაამტკიცა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა, მათ შორის 73-მა - „ქართული ოცნებიდან“, ცხრამ - „ხალხის ძალიდან“ და ერთმა - „ევროპელი სოციალისტებიდან“. ასევე ნახეთ "არა რუსულ კანონს" - დემონსტრანტებმა მსვლელობა მოაწყვეს და გმირთა მემორიალთან ფიცი დადეს პირველი მოსმენით კანონპროექტის დამტკიცება 17 აპრილს, საღამოს შვიდი საათიდან, საქართველოს პარლამენტთან გააპროტესტეს. მოეწყო მსვლელობა მთავრობის ადმინისტრაციისკენაც. მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციაზე შსს-მ ორი ადამიანი დააკავა. ეს იყო რიგით მესამე აქცია „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ. პირველი მასშტაბური პროტესტი პარლამენტთან იმ დროს გაიმართა, როცა „აგენტების კანონპროექტს“ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავდნენ. ...