ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანთან რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი კონსტრუქცია განათავსეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მცხოვრებლები ავრცელებენ. მათი თქმით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, კონსტრუქციები 300-მეტრიანი დაშორებით დაამონტაჟეს. ისინი მავთულხლართებიდან დაახლოებით 20-30 მეტრით არის დაშორებული. დვანელების თქმით, ე.წ. მესაზღვრეები სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე მეორე კვირაა რაც მუშაობენ და საინჟინრო ნაგებობებს ამონტაჟებენ, მავთულხლართების გარდა იქ ორი სათვალთვალო ჯიხურიც ჩადგეს. ადგილზე პატრულირებენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებიც. „დვანის სკოლის უკან, ფერდობზე ჯიხური დადგეს, იქვე მავთულხლართებსაც ამონტაჟებდნენ, ვხედავდით, სამი კაცი მუშაობდა ამ დღეების განმავლობაში. ღობეებს მიღმა მოსახლეობის სახნავ-სათესი ფართობები და საძოვრები არის მოქცეული, იქით ვეღარც ადამიანები მიდიან დაჭერის შიშით და ვეღარც საქონელი გაჰყავთ“, - აცხადებენ დვანის მცხოვრებლები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ სოფლის ოკუპირებულ ნაწილში პერიოდულად ხორციელდება უკანონო სამუშაოები, რაზეც ცენტრალურ ხელისუფლებას მყისიერი რეაგირება აქვს. მათივე ცნობით, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები. ასევე ნახეთ დვანში სახლი აშენდა ...