კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინის დახმარების პაკეტის მიღებაზე გააკეთა კომენტარი. „უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენა მოსალოდნელი და პროგნოზირებადი იყო. ეს კიდევ უფრო გაამდიდრებს ამერიკის შეერთებულ შტატებს და კიდევ უფრო დააქცევს უკრაინას, გაზრდის კიევის რეჟიმის გამო დაღუპულ უკრაინელთა რაოდენობას,“ მოჰყავს პესკოვის სიტყვები ტასს. პესკოვმა ანალოგიური განცხადება გააკეთა ხუთშაბათს, როცა პირველად გახდა ნათელი საკანონმდებლო აქტების კონფიგურაცია, რომლებიც წარმომადგენელთა პალატას უნდა განეხილა. ასევე ნახეთ აშშ-ის წარმომადგელთა პალატამ უკრაინის დახმარების პაკეტი დაამტკიცა პესკოვმა ასევე კომენტარი გააკეთა კონგრესმენების მიერ მიღებულ კანონპროექტზე, რომელიც რუსეთის აქტივების კონფისკაციას ითვალისწინებს. „რაც შეეხება კანონს რუსეთის აქტივების კონფისკაციის შესახებ, აქ ჯერ კიდევ საჭიროა დეტალებში გარკვევა. ნებისმიერ შემთხვევაში, თუკი ლაპარაკი მართლაც არის ჩვენი აქტივების კონფისკაციაზე, ეს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ამერიკის შეერთებული შტატების იმიჯს, ეს ბევრ ინვესტორს, [რომელიც კაპიტალს აბანდებს] ამ ქვეყანაში, აიძულებს, გადაარჩინოს საკუთარი სახსრები, ვინაიდან დაირღვევა კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა, მით უმეტეს სახელმწიფო საკუთრებისა,“ თქვა პესკოვმა. ამასთან, პესკოვის თქმით, ამერიკას მოუწევს, ამისთვის პასუხი აგოს. ...