მოსკოვის პროკურატურამ სასამართლოს მიმართა თხოვნით, რომ 5,5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯოს 38 წლის იური კოხოვეცს, რომლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა რადიო თავისუფლების მიერ ქუჩაში ჩატარებულ გამოკითხვაში მონაწილეობის შემდეგ. ამის შესახებ ბრალდებულის ადვოკატ ელენა შერემეტიევაზე დაყრდნობით წერს ადამიანის უფლებათა დაცვის პროექტი "OVD-Info“. 2022 წლის ივლისში რადიო თავისუფლების ჟურნალისტებმა მოსკოვის ქუჩებში გამვლელებს უკრაინის ომისადმი დამოკიდებულების შესახებ ჰკითხეს. მათ შორის, ვინც პასუხის გაცემას დასთანხმდა, იყო სადეზინფექციო სამსახურის 37 წლის ტექნიკოსი კოხოვეცი. შეკითხვის პასუხად კოხოვეცმა თქვა, რომ ომი რუსეთის მთავრობამ დაიწყო და იგი უნდა შეწყდეს. უკვე სასამართლოში გამართულ მოსმენაზე კოხოვეცმა აღნიშნა, რომ ჟურნალისტებთან საუბარში აზრის გამოხატვისას სიტყვის თავისუფლების კონსტიტუციური უფლება გამოიყენა. მოსკოვის მკვიდრ იური კოხოვეცს ბრალად ედება რუსული არმიის შესახებ "ყალბი" ცნობების გავრცელება პოლიტიკური სიძულვილისა თუ მტრობის საფუძველზე. შემთხვევის შესახებ გასული წლის მარტში გახდა ცნობილი. კოხოვეცის თქმით, ის 25 მარტს დააკავეს და ორდღიანი პატიმრობის შემდეგ საკუთარი აღიარებით გაათავისუფლეს და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციული მუხლით 5000 რუსული რუბლის გადახდა დააკისრეს. შემდგომში, მათემატიკის მასწავლებლის, ნატალია კრიუკოვასა და მთარგმნელ ალექსანდრ ტარასოვის მიერ ჩატარებული ლინგვისტური გამოკვლევის შემდეგ, კოხოვეცის წინააღმდეგ ბრალდებები გამკაცრდა. მათ მოსკოველი ახალგაზრდის განცხადებაში სიძულვილისა და მტრობის მოტივი აღმოაჩინეს. მანამდე კრიუკოვა და ტარასოვი ექსპერტების როლში მონაწილეობდნენ ადამიანის უფლებათა ცენტრ "მემორიალის" ლიკვიდაციისა და "მემორიალის" თანათავმჯდომარის, ოლეგ ორლოვის წინააღმდეგ გამართულ სასამართლო პროცესებში. ასევე ნახეთ უფლებადამცველ ოლეგ ორლოვს ორ-ნახევარი წლით კოლონიაში პატიმრობა მიუსაჯეს „არმიის განმეორებითი დისკრედიტაციის“ ბრალდებით რუსეთის არმიის დისკრედიტაციის შესახებ მუხლი ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში გაჩნდა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ცოტა ხანში. სასამართლოები დისკრედიტაციად მიიჩნევენ ნებისმიერ ანტისამხედრო გამონათქვამს ან ომის შესახებ გამონათქვამს, რომლებიც არ ემთხვევა რუსეთის ხელისუფლების ოფიციალურ თვალსაზრისს. ...