საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან ბოლო კვირის განმავლობაში ხუთი პირის უკანონოდ დაკავებას სახალხო დამცველი განცხადებით გამოეხმაურა. როგორც ის აღნიშნავს, მიმდინარე წლის აპრილში უკანონოდ დააკავეს სოფელ არცევის, ოტრევის და დირბის მიმდებარედ მცხოვრები საქართველოს ხუთი მოქალაქე. „აღნიშნული შემთხვევები ნათლად წარმოაჩენს, რომ საოკუპაციო რეჟიმი კვლავ განაგრძობს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის პირთა დაკავებების უკანონო პრაქტიკას. საქართველოს სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული მსგავსი უკანონო ქმედებები უხეშად არღვევს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებებსა და თავისუფლებებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაშვების აუცილებლობას“, - წერია ომბუდსმენის განცხადებაში. სახალხო დამცველი მიუთითებს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 2024 წლის 9 აპრილის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც რუსეთის ფედერაციას დააკისრეს პასუხისმგებლობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის გამო. სასამართლოს განმარტებით, ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის (თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება) დარღვევას წარმოადგენს საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის გამო ეთნიკური ქართველების ნებისმიერი დაკავება/პატიმრობა. „რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობაზე მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებაც“, - ვკითხულობთ განცხადებაში. ასევე ნახეთ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს 22 აპრილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ასევე ნახეთ საქართველო VS რუსეთი: ევროსასამართლომ „ბორდერიზაციის“ საქმეზე რამდენიმე მუხლის დარღვევა დაადგინა ...