რუსულენოვან სოციალურ ქსელებში ვრცელდება ფოტო წერილისა, რომელსაც, როგორც ამტკიცებენ, უგზავნიან მოსკოვის გამომცემლობა АСТ-ის წიგნების მაღაზიებს. წერილი შეიცავს მოთხოვნას როგორც წიგნის, ისე ელექტრონული ფორმით შეწყდეს გაყიდვა მწერალ ვლადიმირ სოროკინის ბოლო რომანისა "მემკვიდრეობა". მოთხოვნის მიზეზები დაკონკრეტებული არ არის. გავრცელებული ინფორმაციით, წერილი პირველმა გამოაქვეყნა ტელეგრამის არხმა "სიტყვები და ფული" ("Слова и деньги"), რომელსაც უძღვება გამომცემელი ვლადიმირ ხარიტონოვი. შემდეგ წერილი გაავრცელა "ეხო მოსკვის" ყოფილმა მთავარმა რედაქტორმა, ალექსეი ვენედიქტოვმა. გამომცემლობა Sota-ის ცნობით, სოროკინის წიგნის გაყიდვიდან მოხსნას შესაძლოა ესწრაფვოდეს მოძრაობა "ნესპი" (ანუ "ინფორმაციის მომხმარებელთა ეროვნული ერთიანი კავშირი), რომელიც შექმნეს კრემლის მომხრე აქტივისტებმა, ეკატერინა შუგაევამ და ოლგა უსკოვამ. ისინი რომან "მემკვიდრეობაში" ხედავენ პორნოგრაფიის და პედოფილიის ნიშნებს. აქტივისტები აცხადებენ, რომ ასევე ცდილობენ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მიღწევას მწერლის წინააღმდეგ. "მემკვიდრეობის" წინააღმდეგ კოლექტიური საჩივარი საგამოძიებო კომიტეტში იანვარში შევიდა. გამომცემლობა АСТ-ი, რომელმაც რომანი დაბეჭდა, მაშინ გამოვიდა წიგნისთვის ექსპერტიზის ჩატარების დაპირებით. თავად სოროკინი აცხადებს, რომ მის რომანში არც პორნოგრაფია, არც პედოფილია, და არც "ლგბტ პროპაგანდა" არ გვხვდება, მისი ყველა პერსონაჟი ზრდასრულია, სასტიკი სცენები ასახავს მსოფლიოს სისასტიკეს - ხოლო ჟანრობრივად, რომანი ფანტასტიკის ჟანრს ეკუთვნის. "ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში, რომელიც ყველაზე სასტიკ ლიტერატურაზე ბევრად უფრო სასტიკია. ძალადობის სცენების აღწერისას ბევრი ათწლეულია ვსვამ ერთსა და იმავე კითხვას - რატომ არ შეუძლიათ ადამიანებს ამის გარეშე? სხვა მიზნები არ მაქვს. თუ მკითხველს ეს კითხვა არ უჩნდება, ეს ნიშნავს, რომ ისინი ჩემს რომანებს ზედაპირულად კითხულობენ" - აღნიშნა სოროკინმა. მიუხედავად ამისა, იანვარში იუწყებოდნენ, რომ "მემკვიდრეობა" გაქრა რამდენიმე ონლაინ-მაღაზიის საძიებო სიიდან. შარშან დეკემბერში გამომცემლობა АСТ-მა გაყიდვიდან მოხსნა ბორის აკუნინის და დმიტრი ბიკოვის წიგნები. მთავარი რედაქტორის, პაველ გრიშკოვის სახელით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ამ მწერლების გარკვეული "საჯარო განცხადებები" იწვევდა "ფართო საზოგადოებრივ რეზონანსს" და "მოითხოვდა უფლებრივ შეფასებას". აკუნინი და ბიკოვი ბევრჯერ გამოვიდნენ უკრაინაში რუსეთის შეჭრით გამოწვეული ომის წინააღმდეგ და აკრიტიკებდნენ კრემლის რეპრესიულ პოლიტიკას რუსეთში. იუსტიციის სამინისტროს ორივე მათგანი შეყვანი...