გერმანიის საქსონიის მხარის პოლიციამ დააკავა ევროპარლამენტის დეპუტატის, მემარჯვენე-პოპულისტური პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“, წევრის თანაშემწე, რომელსაც ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ედება ბრალი. მის ბინაში ჩხრეკა ჩატარდა. ამის შესახებ რადიო თავისუფლების კორესპონდენტს უთხრეს გერმანიის ფედერალურ პროკურატურაში. გამოძიების ვერსიით, დეპუტატ მაქსიმილიან კრას 43 წლის ასისტენტი ძიან გ. ჩინეთის უშიშროების სამინისტროსთვის მუშაობდა. ეჭვმიტანილის ზუსტ ვინაობას გერმანიაში არ ასაჯაროებენ. მაგრამ კრას ვებსაიტზე მითითებულია ერთადერთი თანაშემწე, რომელზეც შეიძლება იყოს ლაპარაკი. ესაა ძიან გო, რომელიც ევროდეპუტატის თანაშემწედ 2019 წლიდან მუშაობს. გო წარმოშობით ჩინეთიდანაა, ის 2002 წელს გადავიდა საცხოვრებლად დრეზდენში და გერმანიის მოქალაქეობა მიიღო. გამოძიების თანახმად, 2024 წლის ინვარში მან ჩინეთის დაზვერვას რამდენჯერმე გადასცა ინფორმაცია მნიშვნელოვანი მოლაპარაკებებისა და გადაწყვეტილებების მიღების შესახებ ევროპარლამენტში. ასევე ნახეთ ვადიმ კრასიკოვი და მკვლელობის გეოპოლიტიკა გო მრავალი წლის განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობდა უცხოეთში ჩინეთის ოპოზიციურ მოძრაობასთან. ტელეარხ ARD-ს თანახმად, ბრალდებული დიდი ხნის მანძილზე იყო ცნობილი გერმანიის სპეცსამსახურებისთვის. დაახლოებით ათი წლის წინ ის მათ სთავაზობდა ინფორმატორის სამსახურის გაწევას. გოს სასამართლო სამშაბათს მიიღებს გადაწყვეტილებას მისი დაპატიმრების შესახებ. მის წინააღმდეგ აღძრულია ბრალდება დამამძიმებელ გარემოებებში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის მუხლით. თავად დეპუტატი კრა შარშან ეჭვმიტანილი იყო რუსეთისგან ფულის მიღებაში. 2023 წლის დეკემბერში ის აშშ-ში გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) თანამშრომლებმა დაკითხეს. როგორც ჟურნალი Der Spiegel-ი წერდა, ამერიკის სპეცსამსახურებმა დაადგინეს, რომ პრორუსი აქტივისტი კრასთან მიმოწერაში განიხილავდა დეპუტატისთვის „კომპენსაციის“ გადახდას მისი „ტექნიკური დავალებებისთვის“. ...