ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა სამშაბათს ვარშავაში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს არ მოეპოვება ბირთვული იარაღის დისლოკაციის ზონის გაფართოების გეგმები. „არ არის არავითარი გეგმა ნატოს რომელიმე ქვეყანაში დიდი რაოდენობით დამატებითი ბირთვული შეიარაღების განლაგებისა“, - განაცხადა სტოლტენბერგმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. სტოლტენბერგმა სუნაკთან ერთად მოინახულა პოლონეთში ბრიტანელი სამხედროების დისლოკაციის ადგილი. ასევე ნახეთ უკრაინა სამხედრო ხარჯებით რუსეთს დაეწია. რას აჩვენებს SIPRI-ს ახალი გლობალური ინდექსი? ბრიტანეთის მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ, სხვათა შორის, ლონდონი გეგმავს თავდაცვის ხარჯები საერთო შიდა პროდუქტის 2,5%-მდე გაზარდოს, რაც აღემატება კიდეც დასავლეთის სამხედრო ბლოკის წევრთა სამხედრო ხარჯების შესახებ ნატოს ხელმძღვანელობის მიერ გამოცხადებულ მიზანს. პოლონეთში რიში სუნაკის გამგზავრებამდე ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტმა გამოაცხადა უკრაინისთვის დღემდე უდიდესი, 500 მილიონი გირვანქა სტერლინგის, პაკეტის გამოყოფის შესახებ. უკრაინის მოსაზღვრე პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ მიმდინარე კვირაში განაცხადა, რომ ვარშავა ღიაა პოლონეთის ტერიტორიაზე ნატოელ მოკავშირეთა ბირთვული იარაღის განთავსებისთვის. დუდამ ამის თაობაზე ტაბლოიდ Fakt-თან ინტერვიუში ისაუბრა. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ამის საპასუხოდ აღნიშნა, რომ დუდასგან დამატებით დეტალებს ელის. „ეს იდეა აბსოლუტურად მასშტაბური და ძალიან სერიოზულია. მე უნდა ვიცოდე ყველა დეტალი, რამაც უბიძგა პრეზიდენტს ასეთი განცხადების გაკეთებისკენ“, - აღნიშნა ტუსკმა. პოლონეთის პრეზიდენტის სიტყვების კომენტირებისას კრემლში თქვეს, რომ რუსეთის სამხედროები აუცილებელ საპასუხო ზომებს მიიღებენ იმ შემთხვევაში, თუკი პოლონეთში ამერიკული ბირთვული იარაღი განთავსდება. რუსეთმა შარშან ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღი განალაგა ნატოსთან უკიდურესი დაძაბულობის ფონზე, რომელიც უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრას მოჰყვა. პოლონეთი კიევის მნიშვნელოვან მოკავშირედ ითვლება რუსეთის არმიის აგრესიის მოგერიების საქმეში. ვარშავა უკრაინისთვის მოწინავე დასავლური იარაღის მიწოდების ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მომხრე იყო და მას აგზავნიდა სხვა ევროპელ პარტნიორებთან და ნატოელ მოკავშირეებთან ერთად. ...