რადიო თავისუფლებას წყარომ მიაწოდა „აგენტების კანონზე“ ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტების შემაჯამებელი ვერსია. ევროპარლამენტში „აგენტების კანონზე“ თავდაპირველად რეზოლუციის ოთხი პროექტი იყო წარდგენილი, დებატების დაწყებამდე კი მეხუთე ვერსიაც დაემატა. 23 აპრილის მდგომარეობით, ხუთი სამუშაო ვერსიის ავტორები ამ დროისთვის შეთანხმდნენ საერთო ტექსტზე. რეზოლუციის საბოლოო ვერსიას ევროპარლამენტარები ხუთშაბათს, 25 აპრილს უყრიან კენჭს. წინა ვერსიებსა და ევროპარლამენტში გამომსვლელთა სიტყვებში ამ აქცენტების მიუხედავად, ამ ეტაპზე, შეჯერებული რეზოლუციის სამუშაო ვერსიაში, არ არის მოწოდება ბიძინა ივანიშვილისთვის, „ქართული ოცნების“ დეპუტატებისთვის ან პოლიციის მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დაწესების თაობაზე. три ამ ეტაპზე, რეზოლუცია არც საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შეწყვეტას ითვალისწინებს და არც სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხის გადახედვას, როგორც ერთ-ერთი პროექტი ითვალისწინებდა. თუმცა შესაძლოა, კენჭისყრამდე რეზოლუციის პროექტში კიდევ შევიდეს ცვლილებები. ამ დროისთვის კი პროექტის შინაარსი ასეთია: ევროპარლამენტი გმობს „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახლა ინიციირებას; ხაზს უსვამს, რომ ის შეუსაბამოა ევროკავშირის ღირებულებებთან, ეწინააღმდეგება საქართველოს ამბიციებს ევროკავშირში გაწევრებაზე, აზიანებს ქვეყნის რეპუტაციას და საფრთხეში აგდებს მის ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას; სანამ ასეთი კანონი ძალაში იქნება, არ უნდა გაიხსნას გაწევრების მოლაპარაკებები; მოუწოდებს „ოცნებას“, ისევ გაიწვიოს კანონპროექტი და აღარ წარადგინოს არც ის და არც რაიმე სხვა ცვლილება, რომელიც დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება; კანონპროექტი ღალატობს ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის მისწრაფებებს; ევროპარლამენტი მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას მოქალაქეთა უფლებები და შეშფოთებას გამოხატავს საპოლიციო ძალის არაპროპორციულად გამოყენების გამო დემონსტრანტების დაშლისას; მოუწოდებს ხელისუფლებას, გამოიძოს ყველა ასეთი საქმე და პასუხისმგებელი პირები დაისაჯონ; გმობს „ფაქტს, რომ საქართველოს ხელისუფლება შთაგონებულია რუსეთის მსგავსი, ძალიან პრობლემური კანონმდებლობით, რუსეთის უცხოეთის აგენტების კანონით“ იხსენებს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა იმ დათქმით, რომ გადაიდგმება შესაბამისი ნაბიჯები, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად ფუნქციონირებისათვის და ევროკავშირსა და მის ღირებულებებზე დეზინფორმაციის წინააღმდეგ საბრძოლველად; ევროკომისიას მოუწოდებს, შეაფასოს საქართველოს პროგრესი 9 რეკომენდაციის შესრულების გზაზე - მოამზადოს შუალედური შეფასება; ევროკომისიას და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, შეაფასონ რა გავლენა ექნება მათ, როგორც დონორის, როლზე კანონის მიღება...