ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა, ნაუსედასთან საუბრისას ხაზი გაუსვა, რამდენად უალტერნატივოა ქვეყნისთვის არჩევნებამდე სტაბილურობის შენარჩუნება და საქართველოს ევროპული მომავლის არჩევნების გზით დაცვა. “დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი კვლავ აუცილებლად მისცემს ხმას ჩვენს ევროპულ მომავალს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. ლიეტუვის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილთან საუბრის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ მან შეშფოთება გამოხატა „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონთან დაკავშირებით და იმაზე, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე. გიტანას ნაუსედამ დაწერა, რომ ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას ევროპული მომავლისაკენ სწრაფვაში. три საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით "აგენტების კანონი" მისი დამტკიცების შემთხვევაში ქვეყანას ევროკავშირს დააშორებს, მოსკოვში კი მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ინიციატივას დადებითად აფასებენ. განცხადებები გააკეთეს, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა, დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, „რუსული სამყაროს“ იდეოლოგმა ალექსანდრე დუგინმა და სხვებმა. „ქართულმა ოცნებამ" ეს საკანონმდებლო ინიციატივა ბოლო ერთ წელიწადში მეორედ წარმოადგინა. მმართველი პარტიის მიერ ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის მიღების მცდელობამ მასშტაბური საპროტესტო აქციები გამოიწვია 2023 წლის მარტშიც და მმართველი პარტია აიძულა კანონპროექტი გაეწვია. „ქართული ოცნების" უმრავლესობამ კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად დააბრუნა 2024 წლის 3 აპრილს. წლევანდელს შარშანდლისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. ასევე ნახეთ სრული სიმართლე „აგენტების კანონზე“ ...