ირანში სიკვდილი მიუსაჯეს პოპულარულ რეპერს, თომაჯა სალეჰის. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება ოთხშაბათს. სალეჰის განაჩენი დაკავშირებულია მის მონაწილეობასთან 2022-2023 წლების მასობრივ საპროტესტო გამოსვლებში. არტისტი თავის სიმღერებსა და საჯარო გამოსვლებში მხარს უჭერდა საპროტესტო დემონსტრაციების მონაწილეებს. სალეჰი 2022 წლის ოქტომბერში დააპატიმრეს. 2023 წელს ირანის უზენაესმა სასამართლომ მას ექვსი წლითა და სამი თვით პატიმრობა მიუსაჯა. მაგრამ ქალაქ ისპაანის სასამართლომ გადასინჯა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება და რეპერს სიკვდილი მიუსაჯა. სალეჰის ადვოკატმა ამირ რაისიანმა საქალაქო სასამართლოს მოქმედებას უპრეცედენტო უწოდა და განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი განაჩენს გაასაჩივრებს. 2022 წლის სექტემბერში ირანში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო მას შემდეგ, რაც გარდაიცვალა სტუდენტი ქალი მაჰსა ამინი, რომელიც ზნეობის პოლიციამ დააკავა ჰიჯაბის არასწორად ხმარებისთვის. პოლიციის თქმით, ამინის ინსულტი დაემართა. მისი ნათესავები დარწმუნებული არიან, რომ პოლიციელებმა ის ცემით მოკლეს. საპროტესტო გამოსვლები რამდენიმე თვე გრძელდებოდა. ეს ერთ-ერთი ყველაზე უფრო სერიოზული გამოწვევა იყო ირანის კონსერვატიული ხელმძღვანელობისთვის უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე. შეტაკებებში ასობით ადამიანი დაიღუპა, ათიათასობით დააპატიმრეს, საპროტესტო გამოსვლების რამდენიმე მონაწილე სიკვდილით დასაჯეს. ...