ლიეტუვის საელჩო საქართველოში განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მოწოდებას, რომ საქართველოს საგარეო უწყებამ ლიეტუვის ელჩი დაიბაროს და პასუხი მოსთხოვოს პეტრას აუსტრევიჩუსის (ლიეტუველი ევროპარლამენტარი პოლიტიკური ჯგუფიდან, „განაახლე ევროპა“) სიტყვით გამოსვლის გამო. საელჩო განმარტავს, რომ ევროპარლამენტის წევრები გამოხატავენ თავიანთ პოზიციას და წარმოშობის ქვეყანასთან კოორდინაციით არ მოქმედებენ. „ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც შეეხებოდა ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, გვსურს აღვნიშნოთ, რომ ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს; შესაბამისად, ლიეტუვის საელჩოს არ შეუძლია კომენტარი გააკეთოს მსგავს განცხადებებზე“, - წერია საელჩოს განცხადებაში. 23 აპრილს ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე, რომელზეც საქართველოს პარლამენტში წარდგენილი „აგენტების კანონი“ განიხილეს, ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა ევროკომისიას მოუწოდა, „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგე დემონსტრანტებისადმი ძალადობრივი ქმედებების ორგანიზების გამო, სანქციები დაუწესდეთ საქართველოს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს, ზვიად ხარაზიშვილსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, ვაჟა სირაძეს. 2024 წლის აპრილში „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებული დემონსტრანტების ნაწილი, რომლებიც უფლებების დარღვევას უჩივიან, მათ ადანაშაულებს ძალადობასა და მის ორგანიზებაში. ასევე ნახეთ ევროპარლამენტარებმა ივანიშვილის და პოლიციის მაღალჩინოსნების სანქცირება მოითხოვეს ამ განცხადების პასუხად, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ზარქუამ ლიეტუვის ელჩის დაბარება მოითხოვა. „მინდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ვთხოვო, ლიეტუვის ელჩი დაიბაროს და კონკრეტულად მოსთხოვოს პასუხი იმ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე, რაც მათმა ევროპარლამენტარმა გააკეთა ჩვენი სამართალდამცავების მიმართულებით", - თქვა ზარქუამ. ევროკავშირის რეგულაციების თანახმად, ევროპარლამენტის წევრები დამოუკიდებლები არიან გადაწყვეტილების მიღებისას და არ ექვემდებარებიან წევრი სახელმწიფოების მითითებებს. ისინი ქმნიან ფრაქციებს პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით. ეს განმარტება აგრეთვე განთავსებულია ვებსაიტზე NATO-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა, რომელიც 2017 წლიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ექვემდებარება. რადიო თავისუფლებამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრს მიმართა შეკითხვით, დეპუტატ ზარქუას მოწოდების შემდეგ, ჰქონდა თუ არა კომუნიკაცია ლიეტუვის საელჩოსთან? პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება. три 25 აპრილს გამო...