საქსტატის ინფორმაციით, საქართველოს მოსახლეობა 1.1%-ით შემცირდა. 2024 წლის იანვრის მდგომარეობით, ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა ჯამში 3 694.6 ათასი იყო. ჯამური მოსახლეობის 61% საქალაქო დასახლებებში ცხოვრობს, ხოლო თბილისზე მოსახლეობის მესამედზე მეტი მოდის. წლევანდელი იანვრის მდგომარეობით, 0-14 წლის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში 19.5% -ია, შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის წილი [15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი] – 64.3%, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი − 16.2%. 2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, კაცების რაოდენობა1 774.5 ათასი, ხოლო ქალების – 1 920.1 ათასი იყო. ქვეყნის მოსახლეობის 48% კაცი, ხოლო 52% – ქალია. წინა წელთან შედარებით, 2023 წელს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 1.3 ერთეულით გაიზარდა და 75 წელი შეადგინა, მათ შორის კაცებისათვის – 70.6 წელი, ხოლო ქალებისათვის – 79.4 წელი. 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 245 064 იყო, რაც წლიურად 95.6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 14.5%-ით 205 857-მდე გაიზარდა. შარშან საქართველოდან ემიგრაციაში წასული ადამიანებიდან საქართველოს მოქალაქე 163 480 იყო. მათგან 91 896 დაბრუნდა ქვეყანაში. საქსტატის მეთოდოლოგიით ემიგრანტად ითვლება ადამიანი, რომელმაც დატოვა საქართველო და ბოლო 12 თვის განმავლობაში სულ მცირე 183 დღით (შესაძლებელია ეს იყოს რამდენიმე გასვლის კუმულაციური ჯამი) იმყოფებოდა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე. საქართველო იყო მისთვის მუდმივი საცხოვრებელი ქვეყანა (ე.ი. მას ქვეყნიდან გასვლამდე წინა 12 თვეში საქართველოში გატარებული ჰქონდა სულ მცირე 183 დღე). ...