ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დაჩქარდა დონეცკის რეგიონში ავდეევკის დასავლეთით რუსეთის ჯარების წინსვლა, - ამის შესახებ ბრიტანეთის დაზვერვამ 26 აპრილს განაცხადა. "რუსეთის სახმელეთო ძალებმა შექმნეს ვიწრო ღიობი უკრაინის ტერიტორიის სიღრმეში, რათა შევიდნენ ქალაქ ოჩერეტინოში, რომელიც ავდეევკის ცენტრიდან ჩრდილოეთით, დაახლოებით 15 კილომეტრში მდებარეობს. რუსეთის არმიამ დონეცკის ქალაქი ავდეევკა 2024 წლის თებერვლის შუა რიცხვებში დაიკავა და ეს ტერიტორია რუსეთის ოპერაციების ერთ-ერთ მთავარ რაიონად რჩება. მუდმივი მძიმე დანაკარგების მიუხედავად, სავარაუდოა, რომ რუსეთის არმიას შესწევს ძალა, დაბომბოს ამ არეალში უკრაინის პოზიციები და კონტროლი დაამყაროს რამდენიმე მცირე დასახლებულ პუნქტზე", - ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის ანგარიშში. ქალაქ ავდეევკის დაპყრობის შემდეგ რუსეთის ჯარმა განაგრძო წინსვლა ქალაქის დასავლეთით და ამავე დროს გააძლიერა ზეწოლა ბახმუტთან მდებარე ჩასოვ-იარის მიმართულებაზე. ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის 25 აპრილის ანგარიშის თანახმად, უკრაინის მიერ აშშ-ის სამხედრო დახმარებას მიღებამდე, რუსეთის ჯარი ცდილობს ხელთ იგდოს რაც შეიძლება მეტი ტერიტორია. ასევე ნახეთ გენერალმა სირსკიმ ავდეევკიდან გასვლის მიზეზებად მოწინააღმდეგის უპირატესობა და საარტილერიო ჭურვების ნაკლებობა დაასახელა 2024 წლის 16 თებერვალს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ოლექსანდრ სირსკიმ დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკიდან უკრაინის სამხედრო დანაყოფების გაყვანისა და მათი უფრო „ხელსაყრელ პოზიციაზე გადაჯგუფების“ გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინული ჯარების ჯგუფის, „ტავრიის“ მეთაურმა ალექსანდრ ტარნავსკიმ მეორე დღეს განაცხადა, რომ 17 თებერვლის ღამეს უკრაინის არმიამ დონეცკის ოლქის ქალაქი ავდეევკა „ალყის თავიდან აცილების და სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების მიზნით“ დატოვა. ავდეევკის აღების შემდეგ, რუსეთის ძალებმა ქალაქის გარშემო მდებარე რამდენიმე სოფელი და დასახლებული პუნქტი აიღეს და როგორც უკრაინის ხელისუფლება ფლობს ინფორმაციას, გაზაფხულის ბოლოს ახალი შეტევითი ოპერაციისთვის ემზადებიან. "რუსეთი ამზადებს კონტრშეტევებს, ეს შეიძლება იყოს მაისის ბოლოს ან ივნისში. ამისთვის არა მხოლოდ უნდა მოვემზადოთ, არა მხოლოდ სტაბილიზაცია მოვახდინოთ, რადგან ზოგჯერ პარტნიორები ძალიან ბედნიერები არიან, რომ სტაბილიზაცია (ფრონტზე სიტუაციის - რედ.) მოვახდინეთ, გვამხნევებენ: კარგია, თქვენ ძალა შეგწევთო. არა, ახლა დახმარება გვჭირდება შესაბამისი ბრიგადების მოსამზადებლად, რომლებსაც ჩვენი მიწისთვის ბრძოლა მოუწევთ", - განაცხადა 28 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ. ...