აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი პარასკევს ჩინეთში ვიზიტის დროს ჩინეთის ლიდერ სი ძინ პინსა შეხვდა. როგორც სააგენტო Associated Press-ი იუწყება, ბოლო თვეების განმავლობაში აშშ-სა და ჩინეთს შორის უფრო მეტი კონტაქტი იყო, მაგრამ ამასთან ორ ქვეყანას შორის უთანხმოება გაძლიერდა. ბლინკენის თქმით, სი ძინ პინთან საუბარში მან შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ ჩინეთი მხარს უჭერს რუსეთს, რომელიც ომს აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ. კერძოდ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ყურადღება გაამახვილა პეკინის მიერ მოსკოვისთვის ორმაგი დანიშნულების მასალების მიწოდებაზე. მათ შორის ჩარხებსა და მიკროელექტრონიკაზე, რომელთა გამოყენება რუსეთის ხელისუფლებას სამხედრო პოტენციალის გასაძლიერებლად შეუძლია. "ჩინეთის მხარდაჭერის გარეშე რუსეთს გაუჭირდებოდა უკრაინის წინააღმდეგ შეტევის გაგრძელება ", - განაცხადა ენტონი ბლინკენმა სი ძინ პინთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში. პეკინში გამართულ მოლაპარაკებებზე აშშ-ის საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ასევე ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე, ტაივანის პრობლემასა და ჩინეთის სამხედრო აქტიურობაზე სამხრეთ ჩინეთის ზღვაში. აშშ-ის სახელმწიფო ვიზიტის დაწყებამდე გამოცემები Financial Times-ი და Bloomberg-ი წერდნენ, რომ პეკინში ბლინკენი პირადად გააფრთხილებდა ჩინეთის პრეზიდენტს მოსალოდნელი მკაცრი სანქციების შესახებ, თუკი პეკინი გააგრძელებს რუსეთის მომარაგებას ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიებით. ასევე ნახეთ ჩინეთმა მკვეთრად გაზარდა მიკროელექტრონიკის მიწოდება რუსეთისთვის 2024 წლის აპრილში აშშ-ის ფინანსთა მინისტრი ჯანეტ იელენი პეკინში ვიზიტის დროს ჩინურ ბანკებს სანქციებით დაემუქრა რუსეთში სამხედრო და ორმაგი დანიშნულების საქონლის ექსპორტით დახმარებისთვის. ასევე ნახეთ იელენი: ჩინეთის ბანკებს, რომლებიც რუსეთს სამხედრო ინვენტარის შეძენაში ეხმარებიან, შესაძლოა სანქციები დაეკისროთ ჩინეთი მნიშვნელოვანი გზა გახდა სანქცირებული საქონლის რუსეთში მოსახვედრად, რამდენიმე ჩინური კომპანია უკვე შეყვანილია აშშ-ის სანქციათა ნუსხაში. ...