ბელგიის ხელისუფლება აპირებს, 2024 წლის ბოლომდე მიაწოდოს უკრაინას თავისი რამდენიმე F-16 მოიერიშე თვითმფრინავი, - ამის შესახებ განაცხადეს ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ დე კრომ და თავდაცვის მინისტრმა ლუდივინ დედონდერმა 26 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე. ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად როდის ჩაიტანენ თვითმფრინავებს უკრაინაში, მაგრამ, როგორც დედონდერმა თქვა, „ეს უნდა მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად“. მისი თქმით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ თვითმფრინავები უკრაინას წლის ბოლომდე მიაწოდონ. 2023 წლის ოქტომბერში ბელგიის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ბელგია F-16-ების მიწოდებას ვერ შეძლებდა 2025 წელზე ადრე. დე კრომ აღნიშნა, რომ ყველა მოიერიშე თვითმფრინავი უნდა დაფინანსდეს გაყინული რუსული აქტივების პროცენტებიდან და არა ბელგიელი გადამხდელების ფულით. ასევე ნახეთ ტანკების შემდეგ თვითმფრინავები: როგორ დაეხმარებოდა F-16-ები უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ? მთლიანობაში, The New York Times-ის თანახმად, კიევმა უნდა მიიღოს 45 ცალი F-16 გამანადგურებელი დანიიდან, ნიდერლანდიდან, ნორვეგიიდან და ბელგიიდან მას შემდეგ, რაც უკრაინელი მფრინავები დაასრულებენ მომზადებას. 2024 წლის მარტში გაზეთმა აღნიშნა, რომ 2024 წლის ზაფხულისთვის 12 უკრაინელი მფრინავი მზად იქნებოდა F-16-ით ფრენისთვის, თუმცა იმ დროისთვის უკრაინის შეიარაღებული ძალების განკარგულებაში მხოლოდ ექვსი F-16 იქნება. ...