უკრაინაში ღამის სარაკეტო იერიშის შედეგად ოთხი თბოელექტროსადგური და საავადმყოფო დაზიანდა. არიან დაშავებულები. „სერიოზულად დაზიანდა საწარმოების აღჭურვილობა, ამ წუთებში ენერგეტიკოსები ცდილობენ თავდასხმის შედეგების აღმოფხვრას“, - განაცხადა კერძო ენერგეტიკულმა კომპანია ДТЭК-მა, რომელიც ფლობს რუსეთის მიერ სამიზნეში ამოღებულ თბოელექტროსადგურებს. კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, არიან დაზარალებულები, რომლებსაც სამედიცინო დახმარებას უწევენ. უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელმა გერმან გალუშჩენკომ განმარტა, რომ ერთ-ერთ ობიექტზე მყოფმა თანამშრომელმა კონტუზია მიიღო. სარაკეტო იერიში იქნა მიტანილი ხარკოვის საავადმყოფოს ტერიტორიაზე, - განაცხადა ხარკოვის მერმა იგორ ტერეხოვმა. შედეგად ერთი პაციენტი დაიჭრა. „საბედნიეროდ, რაკეტები მიწაზე დაეცა და არა სამედიცინო დაწესებულების შენობებს“, - წერს ტერეხოვი. მისი თქმით, დაბომბვის დროს სამედიცინო კომპლექსში ათასზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა: 900 პაციენტი და 250-მდე საავადმყოფოს თანამშრომელი. „აფეთქების ტალღამ სამედიცინო კომპლექსში ფანჯრები ჩაამსხვრია, დაზიანდა სახურავები, ელექტროგადამცემი ხაზები, წყლის მილები და სხვა კომუნალური საშუალებები“, - დასძინა ტერეხოვმა. უკრაინის არმიის ინფორმაციით, 27 აპრილის ღამეს რუსეთმა უკრაინას 34 რაკეტა ესროლა - მათგან 21-ის ჩამოგდება მოხერხდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თავდასხმაზე კომენტარი არ გაუკეთებია. ...