შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, - „რობოკოპებმა“, რომლებიც სპეციალური საშუალებებით არიან აღჭურვილები, - პარლამენტის ორ გვერდითა ქუჩაზე, - 9 აპრილის/ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე, - დაიკავეს გარკვეული ტერიტორია. ამავე დროს, გდდ-ს თანამშრომლები განლაგებულები არიან თავისუფლების მოედანზეც. ცოტა ხნით ადრე დემონსტრანტებმა პარლამენტთან აღმართული ჯებირები, რომლებსაც პოლიციელები იცავდნენ, მოარღვიეს. ამ დროს პოლიციამ სპეციალური საშუალება (აირი/სპრეი) გამოიყენა - შსს-ს სპეც.საშუალების გამოყენებას ადასტურებს, თუმცა არ აზუსტებს, კონკრეტულად, რა საშუალება. მოგვიანებით პოლიციამ ჯებირები კვლავ აღადგინა. თავისუფლების მოედანზე მობილიზებულია საპოლიციო ტექნიკა (ჭყლის ჭავლის მანქანები). შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი. „აქციის მონაწილეები სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებიან ადგილზე მყოფ სამართალდამცველებს“, - აცხადებს შსს. „კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს, პოლიტიკური პარტიის ლიდერებს და მონაწილეებს, დაემორჩილონ სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნებს და არ გასცდნენ პროტესტის გამოხატვის კანონით დადგენილ ნორმებს“, - აცხადებენ შსს-ში. ასევე ნახეთ დემონსტრანტებმა პარლამენტთან ჯებირების ნაწილი მოარღვიეს ...