საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ სამიტზე, რომელსაც ესწრებიან ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკების შუამავლების უმეტესობა, საუდის არაბეთმა 28 აპრილს განაცხადა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა წარუმატებელია ღაზაში და გაიმეორა თავისი მოწოდება, პალესტინელთა სახელმწიფოს შექმნისკენ. საუდის არაბეთის მიერ ორგანიზებული ამ შეხვედრის პირველ დღეს სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფეისალ ბინ ფარჰანმა განაცხადა, რომ „ვითარება ღაზაში, რა თქმა უნდა, კატასტროფულია ყველა მაჩვენებლით... ის ასევე არის არსებული პოლიტიკური სისტემის სრული მარცხი ამ კრიზისთან ბრძოლაში.“ მისი თქმით, მხოლოდ „პალესტინელთა სახელმწიფოს საიმედო, შეუქცევადი გზა“ მისცემს მსოფლიოს შესაძლებლობას, არ შეეჯახოს „ამგვარ სიტუაციას ორი, სამი, ოთხი წლის შემდეგ“. ერ-რიადში მიმდინარე სამიტს ესწრება აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი კლინტონი, ასევე პალესტინელთა ავტონომიის ლიდერები და სხვა ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლები, რომლებიც ცდილობენ მიაღწიონ ცეცხლის შეწყვეტას ღაზის სექტორში ისრაელსა და ჰამასს (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად აღიარებული დაჯგუფება) შორის. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ბლინკენი საუდის არაბეთში “განიხილავს ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის მიზნით მიმდინარე მცდელობებს, რაც უზრუნველყოფს მძევლების განთავისუფლებას“. შარშან 7 ოქტომბერს დაიწყო ომი, რომელიც ისრაელის პასუხი იყო ჰამასის თავდასხმაზე მის ტერიტორიაზე, რასაც 1200-მდე ადამიანი ემსხვერპლა. AFP-ი იშველიებს ისრაელის მონაცემებს, რომელთა თანახმად, ისრაელზე იერიშის დროს ჰამასის მიერ გატაცებული მძევლებიდან 129 კვლავ ღაზაში ჰყავთ. 34 მძევალი, სამხედროთა შეფასებით, დაიღუპა. ჰამასის განადგურების მიზნით დაწყებულ თავდასხმებს ღაზის სექტორზე დღემდე ემსხვერპლა 34 ათასზე მეტი პალესტინელი - უმეტესად ქალები და ბავშვები - იტყობინება ჰამასის მმართველობის ქვეშ მყოფი ავტონომიის ჯანდაცვის უწყება. პალესტინელთა ავტონომიის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა ერ-რიადში განაცხადა, რომ აშშ „ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია“ თავიდან აგვაცილოს ისრაელის მოსალოდნელი შეჭრა ქალაქ რაფაჰში“. აბასმა მიმართა აშშ-ს, „სთხოვოს ისრაელს, შეაჩეროს ოპერაცია რაფაჰში“. აბასის გაფრთხილებით, ასეთი ოპერაცია დიდ ზიანს მიაყენებს სამოქალაქო მოსახლეობას და იქნება “ ყველაზე დიდი კატასტროფა პალესტინელი ხალხის ისტორიაში“. ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის, და სანაცვლოდ მძევლების განთავისუფლების შესახებ მოლაპარაკება, ჩანს, გააქტიურდა, რადგან ჰამასმა განაცხადა, რომ ისრაელის წინადადებებს უპასუხებს ორშაბათს. ერ-რიადში მიმდინარე სამიტში ისრაელი არ მონაწილეობს. ასევე ნახეთ ისრაელმა შეიძლება რაფაჰზე იერიში გადადოს, თუ მძევლების გამო შეთანხმებას მიაღწიეს ...