„ჰადსონის ინსტიტუტის“ უფროსი მკვლევარი, საგარეო პოლიტიკის ექსპერტი ლუკ კოფი აცხადებს, რომ ყველასთვის ცხადია, რომ საქართველომ ევროატლანტიკური გზიდან გადაუხვია. 30 აპრილს პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ წერილში კოფი „სრულ სიგიჟესა“ და „სიშლეგეს“ უწოდებს წინა დღით „ქართული ოცნებისა“ და, განსაკუთრებით, ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს. ლუკ კოფი წერს, რომ როგორც საქართველოს დიდი ხნის დამკვირვებელი და მეგობარი, ცდილობდა, უგულებელყო ქვეყნის საშინაო პოლიტიკა და მხოლოდ აშშ-საქართველოს სტრატეგიულ ურთიერთობებზე ფოკუსირებულიყო. მისი თქმით, ამ დამოკიდებულების გამო, „ქართულ ოცნებას“ უნდობლად არ ეკიდებოდა, - მიუხედავად იმისა, რომ საამისო ეჭვები არსებობდა. „მაგრამ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. უსინათლოც კი დაინახავს, რომ საქართველომ გადაუხვია ევრო-ატლანტიკური კურსიდან“, - აცხადებს იგი. „ივანიშვილის მუქარა, რომ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს დასჯის, შემზარავია. ეს არის ის, რასაც საქართველოდან კი არა, ბელარუსისგან ველოდებით“, - წერს ანალიტიკოსი. три ლუკ კოფის შეფასებით, „ქართული ოცნების“ ლიდერების მუდმივი საუბარი „გლობალური ომის პარტიაზე“ - „ანუ აშშ-სა და ევროპულ ქვეყნებზე, რომლებიც უკრაინას თავდაცვასა შეიარაღებაში ეხმარებიან“ - მას აფიქრებინებს, რომ „ოფიციალური პირები ძალიან დიდ დროს ატარებენ უნგრეთში CPAC-ის კონფერენციებზე“. „მე არასოდეს მსმენია, რომ ვინმეს ვაშინგტონში ეთქვას, რომ საქართველომ უნდა „გახსნას მეორე ფრონტი“ რუსეთის წინააღმდეგ. ვინც სხვა რამეს ამბობს, იტყუება“, - წერს ანალიტიკოსი. „ამასთან, ეს პარანოიდული აკვიატება „ნაციონალური მოძრაობისა“ და სააკაშვილისა, რომლებიც, - დალახვროს ეშმაკმა, - ხელისუფლებაში ბოლო ათ წელზე მეტი ხნის წინ იყვნენ, ფსიქიკურ დაავადებად იქცა“, - მიიჩნევს ის. ლუკ კოფის განცხადებით, ცხადია, რომ „ქართული ოცნება“ „სერიოზულად აღარ უყურებს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას“; მოსწონს და ხშირად იზიარებს მოსკოვის პოლიტიკას; დააშორა საქართველო ევროკავშირისა და ნატოს წევრობისაგან. დიახ, საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი, მაგრამ გუშინდელი სიგიჟის მოსმენის შემდეგ [ცხადია, რომ] ეს მოლაპარაკებები არ გაგრძელდება“ ლუკ კოფი, - რომელიც წარსულში წლების განმავლობასი მუშაობდა კონსერვატიულ კვლევით ცენტრში, „ჰერითიჯ ფაუნდეიშენში“, საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორად, - ასევე წერს, რომ ნებისმიერი ცვლილება ქართველი ხალხისგან უნდა წამოვიდეს: „ოქტომბრის არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. წინ გრძელი და ცხელი ზაფხული გველის“. იგი მიმართავს „მეგობრებს ქართულ ოცნებაში“: „ვიცი, რომ იცით, რომ რაც ხდება, ქვეყნისთვის ცუდია. რა უნდა გაკეთდეს“? ის ასევე მიმართავს „მეგობრებს ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებაში“ ...