არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დაშლის ოპერაციას ეხმაურება და მოუწოდებს შსს-ს, შეწყვიტოს აქციის დაშლის უკანონო პრაქტიკა. ასევე, მოუწოდებს სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებს, დაემორჩილონ შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს შინაგან საქმეთა მოსამსახურეთა ქცევის სახელმძღვანელო ინსტრუქციას სპეციალური საშუალებების გამოყენების საფუძვლებსა და წესთან დაკავშირებით; ასევე არ დაემორჩილონ უკანონო ბრძანებებს და არ გამოიყენონ ძალადობრივი მეთოდები მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. საია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსაც, მყისიერად დაიწყოს გამოძიება და ჩატარდეს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, რათა გამოვლინდეს და რეაგირება მიეცეს სამართალდამცავთა მიერ ძალის გადამეტების ყველა ფაქტს. "ვინაიდან, შეკრების ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიზნები მშვიდობიანია, და მიისწრაფვის ქვეყნის დასავლური კურსის დაცვისკენ, ხელს უწყობს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებას, როგორც ევროპული სასამართლოს ზემოთ მოცემული პრაქტიკა ცხადყოფს, დაცულია ასეთი გამოხატვა, მით უფრო, რომ პარლამენტში კანონის მეორე მოსმენით განხილვა დასრულებულია, და, საპარლამენტო სამუშაო პროცესს ხელი არ ეშლება. მშვიდობიანი პროტესტი არის მოქალაქეების ხელში დემოკრატიული პროცესების ხელშემწყობი მექანიზმი, ხოლო, მისი ჩახშობის ნებისმიერი მცდელობა, ანტიკონსტიტუციური ქმედება". ორგანიზაციის შეფასებით, შსს-ს თანამშრომლები არღვევენ შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს შინაგან საქმეთა მოსამსახურეთა ქცევის სახელმძღვანელო ინსტრუქციას. საია, ასევე აღნიშნავს, რომ სპეცრაზმმა გამოიყენა აქტიური სპეციალური საშუალება "წიწაკის სპრეი" "ახლო მანძილიდან, წინასწარი გაფრთხილების გარეშე, უკანონოდ და არაპროპორციულად". "აქციის მონაწილეთა ინფორმაციით, მათ არ ჰქონდათ საკმარისი სივრცე ტერიტორიის დასატოვებლად და იმ ტერიტორიისაგან გასარიდებლად, სადაც საპოლიციო ძალებმა წიწაკის სპრეი გამოიყენეს. საპოლიციო ძალების ტაქტიკა, რომელიც იკავებს ან ალყაში აქცევს მონაწილეებს და ხელს უშლის მათ მიერ ტერიტორიის დატოვებას, არღვევს საერთაშორისო ნორმებსა და მშვიდობიანი შეკრების უფლებას", - წერია გავრცელებულ განცხადებაში. ორგანიზაცია, ასევე საუბრობს გავრცელებულ კადრებზე, სადაც მათი თქმით, სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები ფიზიკურად ძალადობდნენ მოქალაქეებზე. მათი შეფასებით, ამ ვითარებაში, მობილიზებული სასწრაფო დახმარების ჯგუფების რაოდენობა არაპროპორციულად დაბალია. "მხოლოდ შესასვლელების ბლოკირების გამო დემონსტრანტების მიმართ აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენება და, შედეგად, მათი დაშლა არღვევს საერთაშორის...