ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებული მოძრაობა “ახალის” წევრი მაია კალანდია სენაკის წინასწარი დაკავების იზოლატორში, პარტია “დროას” წარმომადგენელი მარიამ სიჭინავა კი ფოთის განყოფილებაში გადაიყვანეს. დაკავებულების მონახულების შემდეგ საიას იურისტმა კესო ჩახაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ორივე მათგანი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რომელიც პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. ადვოკატის თქმითვე, მაია კალანდიას ინფირმაციით, დაკავებისას პოლიციამ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. დაკავებულები საუბრობენ ასევე სამართალდამცავების მხრიდან სხვა დარღვევებზეც: “დაკავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია, თავს კარგად გრძნობენ. მაია კალანდიას სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა, ვინაიდან ჯანმრთელობის კარკვეული პრობლემები აქვს. შესაბამისად, გამოიძახეს სასწრაფო და გაეწია დახმარება. ერთ-ერთი დაკავებული [მარიამ სიჭინავა] ამბობდა, რომ პოლიციისთვის დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევია, მეორე კი, [მაია კალანდია] ამბობდა, რომ პოლიციელმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ორივე მათგანის სასამართლო პროცესი ხვალ ჩატარდება…ორივეს შეხვდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი… საუბრობენ, რომ იყო გარკვეული დარღვევები. მაგალითად,მათთვის არ განუმარტავთ უფლებები, არ მისცეს ადვოკატთან და ოჯახის წევრებთან დარეკვის უფლება”, - განაცხადა საიას იურისტმა. ადმინისტრაციულ სამართალდართვევათა კოდექსის 173-ე მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას ან ადმინისტრაციულ პატიმრიბას. სამართალდამცავებმა მოძრაობა “ახალის” წევრი მაია კალანდია და პარტია “დროას” წარმომადგენელი მარიამ სიჭინავა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე რამდენიმე საათის წინ დააკავეს. დაკავება მოჰყვა სიტყვიერ დაპირისპირებას, რომელიც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მოხდა. ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ. არასამთავრობო სექტორის, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები ზუგდიდის მერიასთან შეიკრიბნენ რათა გააპროტესტონ თბილისში მშვიდობიანი აქციის დარბევა. პროტესტის მონაწილეებს მეერიის წინ მიტანილი აქვთ მონიტორი, სადაც დედაქალაქში მიმდინარე აქციას ადევნებენ თვალს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ...