დღეს, 1 მაისს, საქართველოში ვიზიტს იწყებს ევროკომისიის გენერალური დირექტორი სამეზობლოს და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში, ხერტ იან კოოპმანი. მისი ვიზიტის ფონია „ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტში განსახილველად „აგენტების კანონის“ დაბრუნება და მასობრივი საპროტესტო აქციები, რომლებიც პოლიციამ ძალის გამოყენებით არაერთხელ დაშალა. ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, 1 და 2 მაისს საქართველოში ვიზიტისას, ხერტ იან კოოპმანი ისაუბრებს ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობაზე, მათ შორის, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული ცხრა ნაბიჯის შესრულებისთვის საჭირო სამუშაოზე, შეხვდება ხელისუფლების, საპარლამენტო პარტიების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და გახსნის ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ რამდენიმე პროექტს, რომლებიც მიზნად ისახავს დახმარებას საქართველოს საირიგაციო ქსელის რეაბილიტაციაში, ინვესტირების ხელშეწყობას განახლებადი ენერგოგენერაციის პოტენციალის გაზრდაში და სესხების ეროვნულ ვალუტაში წახალისებას მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის. „ვფიქრობ, ახლა არ არის შესაფერისი მომენტი საქართველოს მთავრობასთან ახალი პროექტების გამოსაცხადებლად“, - დაწერა სოციალურ ქსელ X-ში ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა. ევროპარლამენტის დეპუტატი მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნება, ევროკავშირმა შეწყვიტოს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაფინანსება და რაც შეიძლება სწრაფად აამოქმედოს სანქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ფონ კრამონი მიიჩნევს, რომ სწორედ ეს არის, რასაც საქართველოში ხალხი ელოდება და იმსახურებს. три საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ „აგენტების კანონი" (კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ) პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო. კანონპროექტის გაწვევის მოთხოვნით მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების მიუხედავად, 30 აპრილს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე დაიწყო პროექტის მეორე მოსმენით განხილვა. საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმელებმა გამოიყენეს სპეციალური საშუალებები, ე.წ. წიწაკის სპრეი, ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი. სამართალდამცავებმა ფიზიკური ძალა გამოიყენეს აქციის არაერთი მონაწილის, მათ შორის პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების, ლევან ხაბეიშვილის და ალექსანდრე ელისაშვილის წინააღმდეგ. შსს-მ განაცხადა, რომ „კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება" მას შემდეგ დაიწყო, რაც „აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს" და მონაწილეები სამართალდამცველებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ასევე ნახეთ აქციაზე დაკავებულია 63 ადამიანი, დაშავდა ექვსი პოლიციელი - შს მინისტრის მ...