საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც კაიროში იმყოფება „ცეცხლის შეწყვეტის მიღწევისთვის ძალისხმევის კოორდინირებისთვის", განაცხადა, რომ ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად ჯერ კიდევ არის სამუშაო. ეს სტეფან სეჟურნმა განაცხადა მას მერე, რაც ეგვიპტელმა ოფიციალურმა პირებმა ინფორმაცია მიაწოდეს კაიროში მოლაპარაკების მიმდინარეობის შესახებ. Reuters-ს მოჰყავს სეჟურნის სიტყვები, რომ „ჩამოვედით ცეცხლის შეწყვეტის მიღწევისთვის ძალისხმევის კოორდინირებისთვის. საფრანგეთის და მისი არაბი პარტნიორების გზავნილი რეგიონის მიმართ ისაა, რომ ისრაელმა შეწყვიტოს რაფაჰზე იერიში“. ეს ფრანგმა მინისტრმა განაცხადა ეგვიპტელ კოლეგა სამეჰ შუკრისთან შეხვედრის შემდეგ. სეჟურნმა არ ისურვა ეთქვა, რამდენად ოპტიმისტურად უყურებს შეთანხმების მიღწევას, მაგრამ გამოაცხადა, რომ თუ ზავს მიაღწევენ, იმედი აქვს, რომ საფრანგეთ-ისრაელის სამ მოქალაქესაც შეიყვანენ გასათავისუფლებელი მძევლების სიაში. აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებულ ჰამასს, რომელიც ოფიციალურად მართავს ღაზის სექტორს, დატყვევებული ჰყავს ისრაელზე 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს გატაცებული მძევლები. თავიდან მათი რიცხვი 240 იყო. მოგვიანებით ნაწილი გაათავისუფლეს. რამდენიმე ათეული მძევალი დაიღუპა. ისრაელსა და ჰამასს შორის საერთაშორისო შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკების მიზანია ღაზის სექტორში ისრაელის თავდასხმების შეწყვეტა და სანაცვლოდ მძევლების გათავისუფლება. თითქმის შვიდთვიანი ომის განმავალობაში, ისრაელის თავდასხმების შედეგად ღაზის სექტორში დაღუპულთა რიცხვი 34 ათასს აჭარბებს. ისრაელმა ღაზის სექტორის წინააღმდეგ საპასუხო ოპერაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც ჰამასის და სხვა ძალების იერიშის შედეგად ისრაელის სამხრეთში 1200-მდე ადამიანი დაიღუპა. ასევე ნახეთ ისრაელმა შეიძლება რაფაჰზე იერიში გადადოს, თუ მძევლების გამო შეთანხმებას მიაღწიეს ასევე ნახეთ ბლინკენი ისრაელს და ჰამასს ეუბნება, რომ "ახლაა დრო" ცეცხლის შეწყვეტისთვის ...