1 მაისს, დილით, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში სინაგოგას დაუდგენელმა პირებმა აალებადი ნივთიერებით სავსე ცეცხლმოკიდებული ბოთლი ესროლეს, იტყობინება პოლიცია. პოლონელმა პოლიტიკოსებმა ინციდენტი დაგმეს. პოლონეთის მთავარმა რაბინმა მიხაელ შუდრიხმა სააგენტო Reuters-ს უთხრა, რომ არავინ დაშავებულა ინციდენტის დროს, რომელიც ნაშუაღამევს მოხდა. პოლიციის თანახმად, თავდასხმის მოტივი არ არის დადგენილი. ებრაელებსა და ებრაულ ობიექტებზე თავდასხმა გახშირდა მას მერე, რაც შარშან, ოქტომბერში, პალესტინელთა ტერიტორიაზე, ღაზის სექტორში დაიწყო ომი, რომელიც ისრაელის პასუხია ჰამასის მიერ მის ტერიტორიაზე იერიშის მიტანაზე. ჰამასი აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ დაჯგუფებადაა მიჩნეული. შუდრიხის თქმით, ინციდენტის შედეგად შენობაზე დარჩა ცეცხლის კვალი. ისრაელის ელჩმა იაკოვ ლივენმა განაცხადა, რომ ეს სინაგოგა ერთადერთია, რომელიც გადარჩა ვარშავაში მეორე მსოფლიო ომისა და ჰოლოკოსტის შემდეგ. მისი თქმით, „ამგვარი აღმაშფოთებელი ანტისემიტური თავდასხმის ატანა შეუძლებელია. დამნაშავენი უნდა მოიძებნონ და დაისაჯონ“. პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ინციდენტს „სამარცხვინო“ უწოდა. ...