40-მდე იურისტი, პროფესორი და მკვლევარი „ქართული ოცნებისა“ და მთავრობის წარმომადგენლბის, - პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძისა და პარლამენტარი ანრი ოხანაშვილის - სადოქტორო დისერტაციების ხელმძღვანელ გერმანელ პროფესორებს მიმართავს და „აგენტების კანონის“ მხარდაჭერის გამო მათი კრიტიკისკენ მოუწოდებს. საჯარო წერილით, რომელიც 30 აპრილს გამოქვეყნდა, ხელმომწერები მიმართავენ პროფესორებს: მარტინ ჰეგერს (ანრი ოხანაშვილის ხელმძღვანელი), ოტო ლუხტერჰანდს (რატი ბრეგაძის ხელმძღვანელი), მაიკლ მარტინეკსა (შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელი) და მარტინ მორლოკს (ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელი). „მიგვაჩნია, რომ თქვენ, როგორც განმანათლებლებსა და აკადემიკოსებს, რომლებმაც გადამწყვეტი როლი შეასრულეს ამ ლიდერთა გონების ფორმირებაში, გაქვთ მორალური ვალდებულება, პოზიცია დააფიქსიროთ. მოგიწოდებთ, საჯაროდ დაგმოთ ეს რეპრესიული პოლიტიკა და ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც ჩვენი დემოკრატიული საზოგადოების ქსოვილს ანადგურებს“, - ვკითხულობთ საჯარო წერილში. წერილი ასევე შეახსენებს პროფესორებს, რომ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა „შესაბამისი სიტყვების მოძებნა შეძლო მაშინ, როდესაც პრემიერ-მინისტრი კობახიძე ბერლინში იმყოფებოდა“. მიმართვის ხელმომწერთა შორის არიან: ანა დოლიძე (პარტია „ხალხისთვის“), დავით აფრასიძე, ილიაუნის პროფესორი, ზაალ ანდრონიკაშვილი, კობა თურმანიძე, CRRC-ის დირექტორი, კორნელი კაკაჩია, „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი ლაშა ბაქრაძე, იაგო კაჭკაჭიშვილი, ანა კორძაია-სამადაშვილი, ნატალია საბანაძე, და სხვები. ასევე ნახეთ „ოცნების“ ეს 24 პოლიტიკოსი „უცხოურ ძალასთან“ ან მათი „ინტერესების გამტარებელთან“ მუშაობდა პირველ მაისს პარლამენტმა, ხანგრძლივი და მრავალათასიანი საპროტესტო დემონსტრაციების მიუხედავად, პლენარულ სხდომაზე „აგენტების კანონი“ მეორე მოსმენით მიიღო - 83 ხმით, 23-ის წინააღმდეგ. 30 აპრილის და 1 მაისის ღამით „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეების აქციის მონაწილეების მიმართ პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. ასევე სპეცრაზმი დემონსტრანტებს ფიზიკურად გაუსწორდა. „აგენტების კანონი“, - ოფიციალურად, „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი“, - საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით 17 აპრილს დაამტკიცა - 83 ხმით. 13 თვით ადრე, 2023 წლის მარტში, ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო საპარლამენტო უმრავლესობა იძულებული გახდა, „უცხოეთის აგენტების კანონი“ ჩაეგდო და პირობა დადო, რომ პროექტს აღარ დაუბრუნდებოდა. კანონი ეხება საქართველოში არსებულ თითქმის ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას და არაერთ მედიასაშუალებას, მათ შორის რადიო ...