„დაანებეთ თავი პარლამენტის კარებს, იქ არაფერი აღარ ხდება" - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იმ დროს გაავრცელა, როცა პარლამენტის ერთ-ერთ გამოსასვლელთან დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის ვითარება დაიძაბა. ის ამბობს, რომ ბრძოლა გრძელვადიანია, გადის არჩევნებზე და ყველა იმ კანონის გაუქმებას ისახავს მიზნად, რომელიც ქართულმა ოცნებამ შეიმუშავა და რომელიც ქვეყანას ევროპულ გზას აშორებს. „მინდა მივმართო ახალგაზრდებს, რომლებიც ჩართულები არიან და ენერგიას გვიზიარებენ, რაღაცები არ არის საჭირო, დაანებეთ თავი პარლამენტის კარებს, იქ არაფერი აღარ ხდება. იქ მეორე მოსმენით უკვე მიღებულია ეს კანონი და ჩვენი ბრძოლა პრაქტიკულად ეს კანონი არ არის, ჩვენი ბრძოლა გადის არჩევნებზე და გადის ყველა იმ კანონის გაუქმებაზე, რომელიც მიღებულია ამ ხელისუფლების მიერ და გვაშორებს ერთი მეორე მიყოლებით ევროპული გზიდან. ასე რომ კარებზე არაფერი გადაწყდება, გარდა გაზის გამოშვება და ძალადობა, რაც არ არის საჭირო რომ გამოვიწვიოთ იმიტომ, რომ ძალადობა გვექნება უთუოდ საქმე მომავალში", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა. ის ფიქრობს, რომ ახალგაზრდების ბრძოლა საერთაშორისო საზოგადოებას აჩვენებს, რომ „საქართველო არ იქნება რუსეთი და არასდროს არ იქნება რუსეთი". „თქვენს გვერდით ვარ, არაჩვეულებრივია ყველა ეს გამოსვლა დღევანდელი, აჩვენებს რეალობას, საქართველოს ხალხის განწყობას, შემართებას და მიზანმიმართულობას. ეს არის უდიდესი ძალა იმისთვის, რომ ჩვენ მოვიგოთ ის გრძელვადიანი ბრძოლა, რომელიც მთავრდება აჩევნებზე, რომ საქართველო არ იქნება რუსეთი და არასოდეს არ იქნება რუსეთი", - ამბობს პრეზიდენი. ამასთან, სალომე ზურაბიშვილი ვიდეოში მართლმადიდებელი მრევლისთვის აღდგომის კვირის საკრალურ მნიშვნელობაზეც საუბრობს: „დღეს არის ის პერიოდი, როცა არ შეიძლება გამოწვევა ძალადობის, ისედაც გააქტიურებულია ეშმაკი. ჩვენ ეს ვიმყოფოთ და ვიყოთ მშვიდობიანად, სადაც ვაჩვენებთ მსოფლიოს, რა არის საქართველო, რა შეუძლია საქართველოს და საქართველოს ახალგაზრდობას". три თბილისში, "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ მოქალაქეების წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზთან, წიწაკის სპრეისა და წყლის ჭავლთან ერთად რეზინის ტყვიებიც გამოიყენა. სხვადასხვა მედიის გავრცელებულ კადრებში ჩანან ადამიანები რეზინის ტყვიისგან მიღებული ჭრილობებით, მათ ნაწილს სხვა დემონსტრანტები უწევენ პირველად სამედიცინო დახმარებას, ნაწილს სასწრაფო დახმარების ექიმები. რუსთაველზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის რამდენიმე მონაწილემ პარლამენტის შენობის რკინის ჭიშკრების რყევა დაიწყო - 10:30-სთვის სამართალდამცველებს უკვე გამოყენებული ჰქონდა ყველა საპოლიციო სპეციალური საშუალება. ...