კოლუმბიის პრეზიდენტმა, გუსტავო პეტრომ განაცხადა 1 მაისს, რომ მისი ქვეყანა შეწყვეტს დიპლომატიურ ურთიერთობებს ისრაელთან 2 მაისიდან. პეტრომ ისრაელის ქმედებებს ღაზას სექტორში პალესტინელი ხალხის გენოციდი უწოდა. მან ადრე ისრაელის სამხედროები ნაცისტებს შეადარა. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელ კაციმ უპასუხა კოლუმბიის პრეზიდენტის განცხადებას: "ისტორიას ემახსოვრება, რომ გუსტავო პეტრომ აირჩია კაცობრიობისთვის ცნობილი ყველაზე საზიზღარი ურჩხულების მხარე - ისინი, ვინც წვავდნენ ბავშვებს, ძალადობდნენ ქალებზე და იტაცებდნენ უდანაშაულო მოქალაქეებს". პეტრომ არაერთხელ გააკრიტიკა ისრაელის სამხედრო ქმედებები ღაზის სექტორში და მათ გენოციდი უწოდა. მიმდინარე წლის თებერვალში კოლუმბიამ შეაჩერა ისრაელისგან იარაღის შესყიდვა. პეტრომ ბენიამინ ნეთანიაჰუს უწოდა "პრეზიდენტი, რომელიც გენოციდს სჩადის", თუმცა მან შეცდომა დაუშვა თანამდებობის სათაურში - ნეთანიაჰუ არა პრეზიდენტი, არამედ ისრაელის პრემიერ-მინისტრია, ხოლო პრეზიდენტი იცხაკ ჰერცოგია. 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელს თავს დაესხა აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად შერაცხილი ორგანიზაცია ჰამასი. მისმა მეომრებმა 1200-ზე მეტი ადამიანი მოკლეს და 250-მდე მძევლად აიყვანეს. თავდასხმის საპასუხოდ ისრაელმა დაიწყო სამხედრო ოპერაცია ღაზის სექტორში ჰამასის განადგურების მიზნით. ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის დაბომბვის შედეგად დაიღუპა 34 ათასზე მეტი პალესტინელი, ძირითადად ქალები და ბავშვები. ასევე ნახეთ ირან-ისრაელის დაპირისპირების ექო სამხრეთ კავკასიაში - რა ისმის საქართველოში? ...