1 მაისს, საღამოს, რუსეთის არმიამ ბალისტიკური რაკეტებით კვლავ შეუტია ოდესას. აფეთქებების შედეგების ვიდეოკადრები და ფოტოები თვითმხილველებმა ტელეგრამის ადგილობრივი არხებით გაავრცელეს. თავდასხმა, რომელმაც გამოიწვია ძლიერი ხანძარი, დაადასტურა ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ კიპერმა. მისი თქმით, ამ ეტაპზე ცნობილია 13 დაშავებულის შესახებ. უკრაინული მედიის თანახმად, მთავარი დარტყმა მიაყენეს დახარისხების საცავს და სწრაფი მიწოდების სამსახურის კომპანია Nova Poshta-ს ფილიალს. კომპანიის ცნობით, თანამშრომლებს შორის გარდაცვალების ან დაშავების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა. რუსეთის არმია ბოლო დროს რეგულარულად უტევს ოდესას ბალისტიკური რაკეტებით. 1 მაისის ღამეს, ასეთი დარტყმის შედეგად ქალაქის ცენტრში სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის პოლიციელი, სამი დაშავდა. მანამდე, 29 აპრილს, თავდასხმის შედეგად ხუთი ადგილობრივი მცხოვრები დაიღუპა და 32 დაშავდა. ადგილობრივი ხელისუფლება ამტკიცებს, რომ რუსეთის არმიის სამიზნე საცხოვრებელი შენობები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კომენტარს არ აკეთებს ოდესაზე დარტყმებზე, მაგრამ აცხადებს, რომ, ზოგადად, "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" დროს ის მხოლოდ სამხედრო ობიექტებს იღებს მიზანში. ასევე ნახეთ გაიზარდა ოდესაზე რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი - 30 აპრილი გლოვის დღეა ...