გამთენიისას, 5:10 საათისთვის, პარლამენტთან, რუსთაველის გამზირზე ორი ადამიანი დააკავეს. მანამდე რამდენიმე წამით ადრე, ისინი პოლიციელებს ელაპარაკებოდნენ. დაკავებამდე საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ პოლიციელებს მოუწოდა, ისინი უბრალოდ გაერიდებინათ ადგილიდან და არ დაეკავებინათ. „გოგა, არ დააკავო, გაიყვანე“, - მიმართა სირაძემ გოგა მემანიშვილს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს. ამის შემდეგ პოლიციელები დემონსტრანტებისკენ ზურგით შებრუნდნენ. დემონსტრანტებმა შეძახილები დაიწყეს: „ჩემი ძმები ხართ“, „თქვენ შემოგევლეთ“, „სპარსებო“, „ჩემი ძმები ხართ სუყველა“. აქციის მონაწილეების დაკავება მოჰყვა დემონსტრანტის შეძახილს პოლიციელების მიმართ: „თქვე 1500-ლარიანებო“. როგორც კი ეს ფრაზა თქვა, დემონსტრანტისკენ სწრაფად დაიძრა გოგა მემანიშვილი, რომელსაც სხვა პოლიციელებიც მიჰყვნენ, ორივე დემონსტრანტი წააქციეს, ძალის გამოყენებით წაიყვანეს და პოლიციის ავტომობილებში ჩასვეს. უცნობია, რომელ განყოფილებაში გადაიყვანეს ისინი. კითხვაზე, რა გახდა დაკავების მიზეზი, ერთ-ერთმა პოლიციელმა ჟურნალისტებს უპასუხა: „ვერ მოისმინეთ?! შეურაცხყოფის მიყენება. პოლიციას მიაყენა შეურაცხყოფა... დიახ, სიტყვიერი“. მოგვიანებით ვაჟა სირაძემ, საპატრულო პოლიციის უფროსმა, განაცხადა, რომ ახალგაზრდა კაცი „მოსული იყო პოლიციელებთან, არაერთხელ მოვუწოდეთ, გაწეულიყო და გაეგრძელებინა პროტესტი. ძალიან ნასვამ მდგომარეობაში იყო... მოითხოვა წყალი. მივაწოდეთ". „წყლის მიწოდების შემდეგ გახდა აგრესიული რატომღაც“, - უთხრა ჟურნალისტებს საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ. პარლამენტის შენობასთან „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია, ფაქტობრივად, დასრულებულია. ადგილზე რამდენიმე ათეული მოქალაქე რჩება. ადგილზე არიან პოლიციელებიც. ...