ნიჟნი ნოვგოროდის სასამართლომ დაუსწრებლად დაიწყო სახაროვის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის, სერგეი ლუკაშევსკის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის განხილვა. მას ბრალს სდებენ რუსეთის არმიის წინააღმდეგ ე.წ. ფეიკების გავრცელებაში პოლიტიკური სიძულვილის მოტივებით. ამის შესახებ „მედიაზონა“ იტყობინება. მანამდე სასამართლოს შესახებ ცნობილი არ იყო. ლუკაშევსკის თქმით, საქმის აღძვრის საბაბი გახდა მისი ოთხი პოსტი ფეისბუკში. „ერთში დავწერე, რომ რუსეთის ჯარები ომის მსვლელობისას დანაშაულს სჩადიან. მეორეში, რომ ბუჩიდან რეპორტაჟები საშინელებაა. ზუსტად ასე, დეტალების გარეშე. და ასე შემდეგ,“ ამბობს ლუკაშევსკი. მან აღნიშნა, რომ მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა 2023 წლის მარტში, როცა ის ჯერ კიდევ იყო სახაროვის ცენტრის დირექტორი. 2023 წლის აგვისტოში მოსკოვის საქალაქო სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს სარჩელის საფუძველზე ლიკვიდაცია უყო სახაროვის ცენტრს. ახლა ლუკაშევსკი „რადიო სახაროვის“ მთავარი რედაქტორია და რუსეთის ფარგლებს გარეთ იმყოფება. რუსეთის სასამართლოები ფეიკებად მიიჩნევენ უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ შეტყობინებებს, რომლებიც არ ემთხვევა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსას. როგორც OVD-Info-მ გამოთვალა, ფეიკების შესახებ მუხლით იდევნება მინიმუმ 287 ადამიანი. ...