აშშ-ის უდიდესმა ბანკმა JPMorgan Chase-მა 2 მაისს გამოაცხადა, რომ რუსეთში მის აქტივებს შეიძლება კონფისკაცია გაუკეთონ. ეს შეიძლება მოხდეს JPMorgan Chase-ის აქტივების დაყადაღების თაობაზე რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც აპრილში გამოიტანეს ბანკ VTB-ის სარჩელის საფუძველზე. რუსულმა ბანკმა JPMorgan Chase-ს მოსთხოვა, აანაზღაუროს 439,5 მილიარდი დოლარი, რომელიც გაყინეს ამერიკულ ბანკში მის ანგარიშებზე მას შემდეგ, რაც აშშ-მა რუსეთს სანქციები დაუწესა უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ. JPMorgan Chase-მა საპასუხო სარჩელი შეიტანა ამერიკულ სასამართლოში და მოითხოვა, რომ VTB-ის პრეტენზიები უკანონოდ ცნონ, ვინაიდან ის მოქმედებდა აშშ-ის კანონმდებლობის შესაბამისად და ორ ბანკს შორის ნებისმიერი ქონებრივი დავა, მათივე შეთანხმების საფუძველზე, ნიუ-იორკის სასამართლოში უნდა იქნეს განხილული. ამერიკული ბანკი შიშობს, რომ სხვა ქვეყნებში მის აქტივებს შესაძლოა დაყადაღების საფრთხე დაემუქროს რუსეთის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად. JPMorgan Chase-ის განცხადების თანახმად, მის მიმართ პრეტენზიები ჯამში ბევრად აღემატება რუსეთში მისი აქტივების ღირებულებას. Reuters-ის წყაროების თანახმად, ამ აქტივების შორისაა რესურსები საბანკო ანგარიშებზე, უძრავი ქონება და საოფისე ტექნიკა. ...