საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა The Economist-ისთვის მიცემულ ინტერვიუში კვლავ დაუშვა უკრაინაში ნატოს სამხედრო მოსამსახურეების გაგზავნის შესაძლებლობა, ასევე გაფრთხილება გამოთქვა უპრეცედენტო საფრთხეების შესახებ, რომლებიც, მისი აზრით, ეჭვქვეშ აყენებს ევროპის კავშირის მომავალს. ინტერვიუში მაკრონმა გაიმეორა ახლახან სორბონაში წარმოთქმულ სიტყვაში წარმოდგენილი თეზისები. მაშინ მან სხვათა შორის განაცხადა, რომ „ევროპა შეიძლება დაიღუპოს“, თუკი არ იზრუნებს საკუთარი უსაფრთხოებისთვის. მან აღნიშნა, რომ ევროკავშირის ქვეყნები კვლავაც საგრძნობლად ნაკლებს ხარჯავენ თავდაცვისთვის, ვიდრე აშშ ან ჩინეთი. ამასთან, ერთ კონტინენტზე იმყოფებიან ზესახელმწიფოსთან ერთად, რომელსაც ბირთვული იარაღი მოეპოვება და რომელმაც ომი წამოიწყო (იგულისხმება რუსეთი). მაკრონის სიტყვებით, შეიძლება შეიქმნას სიტუაცია, როცა ევროკავშირის ქვეყნები ვერ შეძლებენ შეერთებული შტატების მხრიდან დახმარების იმედად ყოფნას ისე, როგორც ახლა. მაშინ მათ თავად მოუწევთ საკუთარი თავის დაცვა. მაკრონის სიტყვებით, ევროპას ესაჭიროება „სტრატეგიული ავტონომია“, მათ შორის ეკონომიკის, მასალებისა და ენერგომატარებლების მიწოდების საკითხებში. ამისთვის აუცილებელია სტრუქტურული რეფორმები. საფრანგეთის პრეზიდენტის აზრით, ევროპისთვის კიდევ ერთი საფრთხე დაკავშირებულია პოლიტიკურ დესტაბილიზაციასთან, კერძოდ, ანტილიბერალურ ძალებთან, რომელთა წონა სულ უფრო მეტად იზრდება. ასევე ნახეთ მაკრონი თავის საპროგრამო გამოსვლაში: ევროპა “არ არის აშშ-ის ვასალი” მაკრონის თქმით, რუსეთმა, რომელმაც უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო, მთლიანად გაწყვიტა კავშირი საერთაშორისო სამართალთან და წესრიგთან და ამასთან ევროპული უსაფრთხოებისთვის მუქარად იქცა. მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში შეჭრის პირველ ეტაპზე მოსკოვი ცდილობდა ამის წარმოდგენას „სპეციალურ ოპერაციად“ (რუსეთის ხელისუფლება ამ ტერმინს დღემდე იყენებს), მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ ის „ტოტალურ ომზე“ გადავიდა. შეკითხვას, კვლავაც არ გამორიცხავს თუ არა ის უკრაინაში დასავლელი სამხედროების გაგზავნას, მაკრონმა დადებითად უპასუხა. „არაფერს არ გამოვრიცხავ, ვინაიდან ჩვენ ვუპირისპირდებით იმას, ვინც თავად არ გამორიცხავს არაფერს“, - თქვა მან. მაკრონის თქმით, უკრაინისთვის მოკავშირეთა მხრიდან დახმარებისთვის საზღვრების განსაზღვრა მხოლოდ ხელ-ფეხს უხსნის რუსეთს. „უკანასკნელი კვირების განმავლობაში მრავალი ქვეყანა აცხადებდა, რომ ესმით ჩვენი მიდგომა, ეთანხმებიან მას და ის სწორად მიაჩნიათ“, - თქვა მაკრონმა ქვეყნების დაუსახელებლად. უკრაინაში ნატოს ჯარების შესაძლო გაგზავნას საჯაროდ მხარი დაუჭირა მხოლოდ რამდენიმე ქვეყანამ, უფრო მეტმა გამორიცხა ეს. მაკრონმა აღნიშნა, რომ რუსეთმა არ უნდა მოიპოვოს უკრაინაზე გამ...