თბილისში ვიზიტად მყოფმა ევროკომისიის გენერალურმა დირექტორმა სამეზობლოს და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში, ხერტ იან კოოპმანმა, მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ მისთვის უკიდურესად შემაშფოთებელია ძალადობა, რომელიც თბილისში იხილა. მან კომენტარი გააკეთა პარლამენტის მიერ ორი მოსმენით მხარდაჭერილი „აგენტების კანონის“ შესახებ. „შემაშფოთებელი ცვლილებებია კანონმდებლობაში, მეორე მოსმენით მიღებული გამჭვირვალობის კანონი, მისი არსებული რედაქციით, შექმნის ძალიან სერიოზულ დაბრკოლებებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ამასთანავე, შეზღუდულია ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებული პროგრესი, რაც არ არის კარგი. თუმცა ჯერ კიდევ არის დრო. ბურთი მთავრობის მხარესაა, ჩვენი კარი სულ ღიაა, კომისია აქ კანდიდატ ქვეყნებთან სამუშაოდ იმყოფება“, - თქვა ხერტ იან კოოპმანმა. მისივე სიტყვებით, შენიშნა, რომ ქართველ ხალხს სურს ევროკავშირთან დაახლოება და სჯერა, რომ „მათი მთავრობაც მოისურვებს ამას. ამას ვგრძნობ და ამიტომ ვიმედოვნებ, რომ ამ საფუძველზე შესაძლებელი გახდება იმ ძალიან რთული ვითარების გადაწყვეტა, რასთანაც დღეს გვაქვს საქმე“. ის იმედოვნებს, რომ საბოლო ჯამში „საქართველოს ხელისუფლება ზუსტად ახლა გადადგამს ნაბიჯს წინ“. მისი თქმით, ჯერ კიდევ დარჩენილია მესამე მოსმენა, რასაც პრეზიდენტის ვეტოც შეიძლება მოჰყვეს და ეს დროს გამოყენებული უნდა იყოს კანონის დასახვეწად. „ჩვენთვის ეს მკაფიოდ მიუღებელია არსებული სახით, ის შეუთავსებელია ევროპულ ფასეულობებთან, თუმცა გამჭვირვალობა როგორც ასეთი, როგორც ღირებულება - კარგია, რა თქმა უნდა, ევროპაში ჩვენ თავად ვაფასებთ გამჭვირვალობას. ამიტომ იმედი გვაქვს, კანონი ამ სახით არ იქნება მიღებული და ისე შეიძლება კიდევ დაიხვეწოს“. კოოპმანის თქმით, ქუჩაში ამდენი ხალხის ნახვა საზოგადოების დაძაბულობაზე მეტყველებს, რაც უნდა დაიძლიოს. თბილისში ვიზიტის ფარგლებში კოოპმანი შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს. საქართველოში მიმდინარე პროტესტისა და დემონსტრანტებზე ძალადობის ფონზე, პოლიტიკოსები ევროკავშირის ქვეყნებიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოს აფრთხილებენ "აგენტების კანონის" მიღების შემთხვევაში მოსალოდნელ პრობლემებზე. მათ შორის არის ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის ჩამორთმევა, ვიზის გარეშე მგზავრობის უფლების შეზღუდვა ევროკავშირის ქვეყნებთან და შესაძლო სანქციების დაწესება იმ პოლიტიკოსების წინააღმდეგ, რომლებიც ხელს უშლიან საქართველოს დასავლეთისკენ სვლაში. ...