"აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები გმირთა მოედანზე შეიკრიბნენ და საავტომობილო გზა გადაკეტეს. მათ ჯერ მოედანზე, ესტაკადის ერთი ნაწილი, საბურთალოდან სანაპიროზე მიმავალი გზა დაიკავეს. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ რადიო თავისუფლებასთან განმარტა, რომ პროტესტის ამ მეთოდით სურთ, დისკომფორტი შექმნან და რაც შეიძლება, ბევრ ადამიანს მიაწვდინონ ხმა. აქციაზე ისმის შეძახილები, "არა რუსულ კანონს", "გამოდით". три მომიტინგეები ადგილზე 19:00 საათიდან შეიკრიბნენ, თუმცა მაშინ პოლიციამ მათ გზის გადაკეტვის საშუალება არ მისცა. სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს აფრთხილებდნენ, რომ მათი რაოდენობა საკმარისი არ იყო გზის გადაკეტვისთვის და ტროტუარზე გამოეხატათ პროტესტი. გადაკეტილი გმირთა მოედანი, დრონის კადრი. თბილისი, 2 მაისი, 2024 პარალელურად, "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქცია იწყება პარლამენტის შენობის წინ. 1 მაისს საქართველოს პარლამენტმა „აგენტების კანონი“ პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით მიიღო. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში, მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, დაავალდებულებენ, დარეგისტრირდნენ, როგორც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. ტერმინი „უცხოური ძალა“ განიმარტება, როგორც „უცხო სახელმწიფო, უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირი“. „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები სახელწოდებით: „კი ევროპას! არა რუსულ კანონს“ თბილისში მესამე კვირაა, რაც უწყვეტად მიმდინარეობს. საპოლიციო ძალები დემონსტრანტების წინააღმდეგ ხშირად იყენებს წიწაკის სპრეის, წყლის ჭავლსა და ცრემლმდენ აირს. სპეცრაზმელები ფიზიკურადაც უსწორდებიან დემონსტრანტებს. ...