„მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გაიწვიოს ეს კანონპროექტი და ჩაერთოს დიალოგში, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოებასთან და მედიაორგანიზაციებთან. უცხოური დაფინანსების მიმღები არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებებისთვის „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების“ იარლიყის მიწებება სერიოზულ საფრთხეს უქმნის გამოხატვის თავისუფლებისა და გაერთიანების უფლებებს“ - გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი ვოლკერ თურქი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს დღეს განცხადებით გამოეხმაურა და გამოხატა შეშფოთება საქართველოში საპროტესტო აქციების მონაწილეებისა და მედიის თანამშრომელთა მიმართ ძალის არაპროპორციული გამოყენების გამო: „ათასობით ადამიანი დღეებია აპროტესტებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს და ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს და დაიცვას მათი გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება. ამ უფლებების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა ეფუძნებოდეს კანონიერების, აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპებს“. თურქი განმარტავს საპროტესტო აქციების მონაწილეთა მიმართ ძალის გამოყენების სტანდარტს: „საპროტესტო აქციების დროს ძალის გამოყენება ყოველთვის უნდა იყოს გამონაკლისი და უკიდურესი ზომა, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს მყისიერი საფრთხის პირისპირ“. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს „სწრაფად და გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა ბრალდება საპროტესო აქციების დროს ან შემდეგ, აგრეთვე დაკავების ადგილებში არასათანადო მოპყრობის შესახებ. ყველა, ვინც თვითნებურად იყო დაკავებული გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებების განხორციელებისას, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ. აგრეთე, უნდა მოიხსნას მათ წინააღმდეგ ბრალდებები“. ვოლკერ თურქი მიმართავს დემონსტრანტებსა და აქციების ორგანიზატორებს „თავიანთი უფლებები განახორციელონ მშვიდობიანად და არ მიმართონ ძალადობას“. ...