შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში, დერეკ შოლე აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ტელეფონით ესაუბრა. „პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს დღეს კიდევ ერთხელ გადავეცი ჩვენი შეშფოთება საქართველოს ამჟამინდელი ტრაექტორიით“, - წერს შოლე პლატფორმა X-ზე (ყოფილ ტვიტერზე). „მთავრობის მტრული რიტორიკა და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მხარდაჭერა საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს. შეერთებული შტატები მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუბრუნდეს საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის მუშაობას, რაც ქართველების აბსოლუტური უმრავლესობას სურს“, - აცხადებს იგი. три პარალელურად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი აცხადებს, რომ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი „ძალიან ყურადღებით აკვირდება“ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. რამდენიმე საათით ადრე შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებმა აშშ-ში მიწვევაზე უარი განაცხადეს. „ახლახან საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები მივიწვიეთ შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის პირებთან სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების შესახებ ნებისმიერი შეკითხვის განსახილველად. სამწუხაროდ, ქართულმა მხარემ არჩია, რომ უარი ეთქვა ამ მოწვევაზე“, - განაცხადა მან. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირები ამერიკელ მაღალჩინოსნებთან იმ „დათქმით“ მიიწვიეს, რომ ვიზიტამდე საქართველოს პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა, რაც, უწყების შეფასებით, „არ შეესაბამება პარტნიორობის სულისკვეთებას“. ასევე ნახეთ ბლინკენი „ძალიან ყურადღებით აკვირდება“ მოვლენებს საქართველოში - პრეს-სპიკერი 1 მაისს საქართველოს პარლამენტმა „აგენტების კანონი“ პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით მიიღო. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში, მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, დაავალდებულებენ, დარეგისტრირდნენ, როგორც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები სახელწოდებით: „კი ევროპას! არა რუსულ კანონს“ თბილისში მესამე კვირაა, რაც უწყვეტად მიმდინარეობს. დერეკ შოლე 2023 წლის მარტის მოვლენების დროსაც ესაუბრა საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე მაშინდელ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. ...