სახელმწიფოს კუთვნილი კომპანიის თანამშრომელი ამბობს, რომ „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე დგომის გამო სამსახურში „გააფრთხილეს“, რის შემდეგაც სამსახური დატოვა. პავლე ნიავაძე შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში“ მუშაობდა. კომპანიის 100%-იან წილს სახელმწიფო ფლობს. როგორც პავლე ნიავაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, დაუძახა თავისი დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი (გოგა) არევაძემ, უსაყვედურა საპროტესტო დემონსტრაციაზე დგომის გამო და უთხრა, რომ მისი „გაფრთხილება“ დაავალეს. „გუშინ იმედზე გნახე აქციაზე და ცოტა ნორმალურად მოიქეციო. მითხრა, რომ დაურეკეს და უთხრეს, გავეფრთხილებინე“, - წერს იგი ფეისბუკზე. „მე ვპასუხობ, რომ არანორმალურს რას ხედავს ჩემს საქციელში, რომ ვიყავი აქციებზე და ისევ ვიქნები, სანამ ამ რუსულ კანონს არ გაიწვევენ. კიდევ რაღაც სისულელეები მელაპარაკა და მეც რომ არ დავუთმე არაფერი, ბოლოს მეუბნება: „აირჩიე, ან პოლიტიკა, ან სამსახური“. ვინც მიცნობთ კი იცით რომ საკადრისს პასუხს გავცემდი“, - წერს იგი. პავლე ნიავაძე ამბობს, რომ მთავრობა მსგავსი ხერხებით - „დაშინებით, მოსყიდვით, სამსახურიდან გაგიშვებ მუქარით“ - ცდილობს, შეინარჩუნოს ძალაუფლება, ისევე, როგორც ვლადიმერ პუტინი რუსეთში, - „სწორედ ამას ვებრძვით ჩვენ“. რადიო თავისუფლება ცდილობს „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან“ დაკავშირებას საპასუხო კომენტარის მისაღებად. „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები სახელწოდებით: „კი ევროპას! არა რუსულ კანონს“ თბილისში მესამე კვირაა უწყვეტად მიმდინარეობს. 1 მაისს საქართველოს პარლამენტმა „აგენტების კანონი“ პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით მიიღო. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში, მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, დაავალდებულებენ, დარეგისტრირდნენ, როგორც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. ასევე ნახეთ რა „აურია“ ივანიშვილმა? ...