3 მაისს, დაახლოებით ღამის 01:00 საათისთვის, ინციდენტი მოხდა გმირთა მოედანზე. თვითმხილველები და მათ შორის დაშავებული ორი მამაკაცი ჰყვებიან, რომ მათ თავს დაესხნენ „პროვოკატორები“, რომლებიც ავტომობილებით შეცვივდნენ გმირთა მოედანზე, გადმოვიდნენ ავტომანქანებიდან და ფიზიკურად გაუსწორდნენ. "ტვ პირველის" კადრებში ჩანდა ახალგაზრდა კაცი, რომელსაც სახეზე სისხლი მოსდიოდა. ასევე სასწრაფო დახმარების ავტომობილში იმყოფებოდა კაცი, რომლის თქმითაც, კბილები ჩაუმსხვრიეს. ერთ-ერთი თვითმხილველის მონათხრობით, ადგილზე მივიდა ორი ავტომობილი, საიდანაც „წვერებიანი კაცები“ გადავიდნენ და აქციის მონაწილეებს სცემეს. „დაეჯახნენ ველოსიპედიან კაცს, გადმოცვივდნენ აგრესიულად, გინებით, რტყმით, ყველა ერთად ურტყეს და მერე მოვიდა დამატებით სამი მანქანა“, - ჰყვება კაცი, რომლის თქმითაც, თავად შეესწრო მომხდარს. ერთ-ერთი დაზარალებულის მონაყოლით, ოთხი შავი ავტომობილიდან გადასული, დაახლოებით 20-25 კაცი გაუსწორდა აქციის რამდენიმე მონაწილეს. გმირთა მოედანზე დაშავებული. კადრი "ტვ პირველის" ეთერიდან „ბავშვებთან ვმღეროდით, ვცეკვავდით. ამ დროს მოვიდნენ, გვირტყეს. დაახლოებით 20 -25 ვიღაც შეუგნებელი იყო“. აქციის მონაწილეების თქმით, თავდამსხმელებმა ადგილი მალევე დატოვეს ავტომობილებით. დაშავებული კაცი. კადრი "ტვ პირველის" ეთერიდან შემთხვევის შესახებ რადიო თავისუფლება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დამატებითი დეტალების გარკვევას ცდილობს. "აგენტების კანონის" მოწინააღმდეგეებმა გმირთა მოედანი 2 მაისს საღამოს გადაკეტეს. აქციის რამდენიმე ათასი მონაწილე მშვიდობიან პროტესტს გამოხატავდა. 1 მაისს საქართველოს პარლამენტმა „აგენტების კანონი“ პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით მიიღო. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში, მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, დაავალდებულებენ, დარეგისტრირდნენ, როგორც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. ტერმინი „უცხოური ძალა“ განიმარტება, როგორც „უცხო სახელმწიფო, უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირი“. „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები სახელწოდებით: „კი ევროპას! არა რუსულ კანონს“ თბილისში მესამე კვირაა უწყვეტად მიმდინარეობს. საპოლიციო ძალები დემონსტრანტების წინააღმდეგ ხშირად იყენებს წიწაკის სპრეის, წყლის ჭავლსა და ცრემლმდენ აირს. სპეცრაზმელები ფიზიკურადაც უსწორდებიან დემონსტრანტებს. ასევე ნახეთ პოლიციამ გმირთა მოედანზე აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა ...