დიდი ბრიტანეთი უკრაინას ყოველწლიურად დაეხმარება სამი მილიარდი გირვანქა სტერლინგით. სააგენტო Reuters-ის ცნობით, ეს პირობა უკრაინელებს მისცა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ კამერონმა, რომელიც 2 მაისს კიევში იმყოფებოდა. სააგენტოსთან ინტერვიუში კამერონმა განაცხადა, რომ უკრაინის დახმარება გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. თუმცა ისიც თქვა, რომ იარაღის მიწოდების თვალსაზრისით უკვე გააკეთეს ყველაფერი, რაც შეეძლოთ. რაც შეეხება უკრაინის მიერ დიდი ბრიტანეთისგან მიღებული იარაღის გამოყენებას რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის, კამერონის თქმით, უკრაინელებს ეს უფლება აქვთ და გადაწყვეტილება მათი მისაღებია. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 2 მაისს კიევში შეხვდა უკრაინის პრეზიდენტს და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს. კამერონმა გამოაცხადა, რომ კიევი ლონდონისგან მიიღებს იარაღის და საბრძოლო მასალების ახალ პარტიას, მათ შორის მაღალი სიზუსტის საავიაციო ბომბებს და საზენიტო რაკეტებს. ასევე ნახეთ უკრაინელი გენერალი აცხადებს, რომ ომის საბოლოოდ დასრულებას მოლაპარაკებები დასჭირდება ...