საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თბილისში მიმდინარე აქციების შესახებ საფრანგეთის საგარეო უწყების შეფასებას გამოეხმაურა. ის აცხადებს, რომ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასება „ობიექტურობას მოკლებულია. „მივესალმებით, რომ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდებით. თუმცა, ვწუხვართ, რომ თქვენი განცხადება მოკლებულია ობიექტურობას“, - ვკითხულობთ განცხადებაში. მასში წერია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თავი შეიკავა პარიზში მომიტინგეებთან სამართალდამცავების „ბრუტალური დაპირისპირების“ დროს. „შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თავი შეიკავა საფრანგეთის მიმართ კრიტიკული განცხადებისგან მაშინაც კი, როდესაც პარიზში სამართალდამცავები მომიტინგეებს ბრუტალური, ადამიანის უფლებების საყოველთაო სტანდარტებთან სრულიად შეუსაბამო მეთოდებით დაუპირისპირდნენ. არაობიექტური შეფასებები ახალისებს ძალადობას, რომელიც, როგორც უკვე აღინიშნა, პოლიტიკურ ოპოზიციასთან დაკავშირებული და საზღვარგარეთიდან დაფინანსებული ძალადობრივი ჯგუფების მიერ ხორციელდება“, - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრო. ასევე ნახეთ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს თბილისში დემონსტრანტებზე ძალადობას 2 მაისს საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე გამოეხმაურა თბილისში მიმდინარე მოვლენებს, „აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელების მხრიდან ძალის გამოყენების ფაქტებს. „ვგმობთ დემონსტრანტების მიმართ ძალადობას უცხოეთის გავლენის შესახებ კანონის მიღების შემდეგ. საქართველოს მთავრობამ უნდა გააგრძელოს ძალისხმევა, რათა დაუახლოვდეს ევროკავშირს თავისი მოსახლეობის სურვილის შესაბამისად", - აღნიშნა საფრანგეთის საგარეო უწყებამ. 1 მაისს საქართველოს პარლამენტმა „აგენტების კანონი“ მეორე მოსმენით მიიღო. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში, მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, დაავალდებულებენ, დარეგისტრირდნენ, როგორც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები სახელწოდებით: „კი ევროპას! არა რუსულ კანონს“ თბილისში მესამე კვირაა, უწყვეტად მიმდინარეობს. ...