ჩეხეთის რესპუბლიკის უწყებები გასული წლიდან იყო რუსეთის კიბერთავდასხმების სამიზნე, განაცხადა 3 მაისს ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. Reuters-ი იტყობინება, რომ სამინისტროს თანახმად, რუსულმა ჯგუფმა სახელწოდებით APT28, რომელიც, სავარაუდოდ, დაკავშირებულია რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან (GRU), გამოიყენა Microsoft-ის პროგრამა Outlook-ის დაუცველობა. ჩეხეთის მეზობელი ქვეყნის, გერმანიის მთავრობაც რუსეთის სამხედრო დაზვერვას აკისრებს პასუხისმგებლობას 2023 წლის დასაწყისში გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიაზე განხორციელებული კიბერთავდასხმისთვის. ამასთან დაკავშირებით მან ბერლინში რუსეთის საელჩოს წარმომადგენელი გამოიძახა. საგარეო უწყების წარმომადგენელმა თქვა, რომ ამ შემთხვევიდან ჩანს, როგორი რეალური და უზომოდ დიდია ევროპაში უსაფრთხოებისა და მშვიდობისთვის საფრთხე რუსეთის მხრიდან. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა ავსტრალიაში ვიზიტისას განაცხადა, რომ რუსი ჰაკერები თავს დაესხნენ გერმანიას. ბერბოკის თქმით, სოციალ-დემოკრატიულ პარტიაზე თავდასხმის გამოძიება დასრულდა და ის ცალსახად უნდა მიეწეროს ჯგუფ APT28-ს, რომელსაც რუსეთის სამხედრო დაზვერვა მართავს. APT28-ს უკვე 2015 წელს დაეკისრა პასუხისმგებლობა დიდი კიბერთავდასხმისთვის გერმანიის პარლამენტზე, ბუნდესტაგზე, და ასევე - აშშ-ს დემოკრატიულ პარტიაზე 2017 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების წინ. ევროკავშირმა გამოაცხადა, რომ ამ თავდასხმებზე რეაგირება ექნება. ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა თქვა, რომ ბრიუსელი გამოიყენებს თავის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას კიბერსივრცეში რუსეთის მავნე მოქმედების აღსაკვეთად. ასევე ნახეთ FBI-ი რუსეთთან დაკავშირებულ ჰაკერებს ადანაშაულებს JBS-ზე კიბერ-თავდასხმაში ...