თბილისში, სასტუმრო "პარაგრაფთან" "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი მონაწილე პოლიციამ დააკავა. როგორც მოგვიანებით თბილისის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა, ვაჟა სირაძემ განმარტა, იგი პოლიციელებისათვის შეურაცხყოფის მიყენების გამო აიყვანეს. "აქციის მონაწილე გამოეყო სხვებს, პოლიციელებმა მოუწოდეს შებრძანდითო და შეაგინა პოლიციის თანამშრომლებს", - თქვა ვაჟა სირაძემ. ჟურნალისტის კითხვაზე, არსებობს თუ არა კამერების ჩანაწერი? - ვაჟა სირაძე პასუხობს: "განმარტება გავაკეთე, რის გამოც დაკავდა და მტკიცებულებებს... სასამართლოს ამ წუთას როგორ გავმართავთ ახლა... ბიჭებს აქვთ ხოლმე [სამხრე] კამერები ჩართული ასეთ სიტუაციაში. გავერკვევით სიტუაციაში, ვინ დააკავა და როგორ. უშუალოდ დამკავებელი პოლიციელები აცხადებენ, რომ შეაგინა პოლიციელს". სასტუმრო "პარაგრაფთან", სადაც აზიის განვითარების ბანკის ღონისძიებას მმართველი პარტიის ლიდერებიც ესწრებიან, 19:00 საათზე დაიწყო მომიტინგეების შეკრება. მათ აქვთ ბანერები ქართულ და ინგლისურ ენაზე წარწერით, "არა რუსულ კანონს" და ცდილობენ ღონისძიების სტუმრებს, მათ შორის, "ქართული ოცნების" ლიდერებს ხმა მიაწვდინონ. 1 მაისს საქართველოს პარლამენტმა „აგენტების კანონი“ მეორე მოსმენით მიიღო. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში, მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, დაავალდებულებენ, დარეგისტრირდნენ, როგორც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები სახელწოდებით: „კი ევროპას! არა რუსულ კანონს“ თბილისში უწყვეტად მიმდინარეობს. ასევე ნახეთ გმირთა მოედანზე გამართულ აქციაზე პოლიციამ 23 ადამიანი დააკავა ...