აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული ჰამასის წარმომადგენლებმა 4 მაისს ინტენსიური მოლაპარაკება დაიწყეს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობაზე, რაც მოიტანდა ბრძოლის შეჩერებას და მძევალთა ნაწილის ისრაელში დაბრუნებას, - უთხრა ჰამასის წარმომადგენელმა სააგენტო Reuters-ს. კაიროში იმყოფება აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელიც, არაპირდაპირი დიპლომატიისთვის. ჰამასის დელეგაცია კაიროში ჩავიდა კატარიდან, სადაც მისი პოლიტიკური ოფისი მდებარეობს და რომელიც, ეგვიპტესთან ერთად, ცდილობს შუამავალი იყოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში. ღაზაში ომს ბიძგი მისცა 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელზე ჰამასის თავდასხმამ, რომლის დროსაც მძევლად აიყვანეს 253 პირი. ისრაელის მონაცემებით, იერიშს ემსხვერპლა 1200-მდე ადამიანი. ისრაელმა ამას უპასუხა ღაზაზე შეტევით, საჰაერო და სახმელეთო იერიშებით, რასაც, ღაზის ჯანდაცვის უწყების ცნობით, 34 500-ზე მეტი პალესტინელი შეეწირა. პალესტინელებს არ აქვთ საკვები, საწვავი და მედიკამენტები, ისრაელის შეტევის შედეგად შექმნილია მწვავე ჰუმანიტარული კრიზისი, განადგურებულია ტერიტორიის დიდი ნაწილი. ასევე ნახეთ გაეროს მაღალჩინოსანი: ღაზის ჩრდილოეთში "სრულმასშტაბიანი შიმშილია" ...