აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ "აგენტების კანონი" ძირს გამოუთხრის აშშ-საქართველოს ურთიერთობებს და საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ გზას. ამის შესახებ ყოველდღიურ ბრიფინგზე ისაუბრა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა. "ჩვენ გვჯერა, რომ კანონი, რომელსაც ისინი განიხილავენ, საქართველოს სახიფათო ტრაექტორიაზე გადაიყვანს, ევროატლანტიკურ გზას საფრთხეს შეუქმნის და აშშ-საქართველოს ურთიერთობას ძირს გამოუთხრის. ჩვენ ამის ახსნას გავაგრძელებთ, ისინი კი გადაწყვეტილებას თავად მიიღებენ“, - განაცხადა მეთიუ მილერმა. ჟურნალისტმა მას ასევე ჰკითხა, საქართველოს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარისთვის, ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" დეპუტატებისთვის სანქციების დაწესებაზე, რაზეც მილერმა ასე უპასუხა: "არ ვაპირებ რაიმე განცხადება გავაკეთო სანქციებზე, იმაზე, თუ რას ვაპირებთ ან რის გაკეთებას განვიხილავთ. ასეთი რამ პრაქტიკაში არ გვაქვს". 1 მაისს საქართველოს პარლამენტმა „აგენტების კანონი“ პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით მიიღო. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში, მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, დაავალდებულებენ, დარეგისტრირდნენ, როგორც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონპროექტის მიღების პარალელურად, საქართველოს ურთიერთობა ტრადიციულ სტრატეგიულ პარტნიორებთან, შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირთან, იძაბება. ...