დღეს, 7 მაისს დილით, ისრაელის არმიის სატანკო ქვედანაყოფებმა კონტროლი დაამყარეს ღაზის სექტორის ქალაქ რაფაჰის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერენ გამოცემა The Times of Israel და ტელეკომპანია CNN-ი. ეგვიპტესთან საზღვარზე მდებარე ეს პუნქტი ღაზიდან ეგვიპტისკენ მიმავალი ერთადერთი გზა და მშვიდობიანი პალესტინელებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების უმნიშვნელოვანესი მარშრუტია. ისრაელის არმიაში განაცხადეს, რომ საკონტროლო-გამშვები პუნქტის რაიონზე ოპერატიული კონტროლი დაამყარეს და სპეცოპერაციას განაგრძობენ. ისრაელის არმიის მონაცემებით, ღამით ჩატარებული ოპერაციისას ლიკვიდირებულია ჰამასის 20-მდე წევრი, აღმოჩენილია მიწისქვეშა გვირაბების სამი შახტი და განადგურებულია დანაღმული ავტომანქანა, რომელიც ისრაელის არმიის ტანკის ასაფეთქებლად მიემართებოდა. ისრაელის თავდაცვის ძალების თანახმად, გასული ღამის განმავლობაში რაფაჰში დაბომბეს ჰამასის 50-ზე მეტი ობიექტი. ადგილობრივი ჰოსპიტლის წარმომადგენელთა ინფორმაციით, ავიადარტყმების შედეგად რაფაჰში დაიღუპა 15 ადამიანი, მათ შორის ბავშვი. ასევე ნახეთ ისრაელის წარმომადგენელი სავარაუდო "თვალთმაქცობას" უწოდებს ჰამასის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე დათანხმებას ისრაელმა 6 მაისს გამოაცხადა, რომ მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო ღაზის სექტორის ქალაქ რაფაჰიდან. ისრაელის არმიის სამხედროებმა ეგვიპტესთან მოსაზღვრე რაფაჰის აღმოსავლეთ ნაწილში მცხოვრებთ მოუწოდეს, გადავიდნენ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარე ჰუმანიტარულ ბანაკში. ისრაელის თავდაცვის ძალების თანახმად, ევაკუაციის გადაწყვეტილება 100 ათასამდე ადამიანს ეხებოდა. სააგენტო Reuters-ის ცნობით, ევაკუაციის შესახებ განცხადების ფონზე, 6 მაისს ისრაელმა რაფაჰზე ავიადარტყმები განახორციელა. ისრაელი არაერთი კვირაა ამზადებს ჰამასის საწინააღმდეგო სამხედრო ოპერაციას რაფაჰში, რომელსაც საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ თავი შეაფარა ღაზის სექტორის სხვა რაიონებიდან დევნილმა ასეულობით ათასმა პალესტინელმა. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მიიჩნევს, რომ რაფაჰში სრულმასშტაბიანი ოპერაციის გარეშე ჰამასზე გამარჯვება შეუძლებელია. ისრაელის გადაწყვეტილება სამოქალაქო მოსახლეობაში მოსალოდნელი დიდი მსხვერპლის გამო შეშფოთებას იწვევს, მათ შორის ისრაელის მოკავშირე აშშ-შიც, რომელმაც არაერთხელ მოუწოდა, თავი შეიკავოს ამ ოპერაციისგან. ასევე ნახეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში პროპალესტინურ ბანაკზე ისრაელის მომხრეთა თავდასხმის შემდეგ პოლიცია განთავსდა. ნიუ-იორკში აქციაზე 300 პირი დააკავეს ისრაელმა ღაზის სექტორში ჰამასის წინააღმდეგ საომარი მოქმედებები დაიწყო მას შემდეგ, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს, რად...