ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ, უკრაინის თავდაცვისთვის გამოყონ რუსეთის გაყინული აქტივებიდან შემოსავლის 90%. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა რიგაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული მოგება წელიწადში რამდენიმე მილიარდ ევროს შეადგენს. შოლცმა აღნიშნა, რომ შეთანხმება უკვე დასკვნით ეტაპზეა. გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ შეერთებულმა შტატებმა “დიდი შვიდეულის” (G7) პარტნიორებს შესთავაზა, უკრაინას დამატებითი 50 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება გამოუყონ. აშშ-ის იდეის მიხედვით, რომლის შესახებაც Bloomberg-ი წერდა, ეს ხარჯები დაიფარება გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული მოგებით, რომლებზეც პროცენტები ძირითადად ევროპაში გროვდება. სააგენტოს ცნობით, შეერთებული შტატები შეთანხმებას უკვე ივნისში მოითხოვს G7-ის ლიდერების შეხვედრაზე. ევროპაში რუსეთის ბანკის კუთვნილი აქტივების 210 მილიარდი ევროა გაყინული. მსოფლიოში რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივების ჯამური ღირებულება, სხვადასხვა შეფასებით, 260-დან 350 მილიარდ ევრომდეა. ასევე ნახეთ 50 მილიარდი ევრო რეფორმებისთვის - როდის და რა დახმარებას მიიღებს უკრაინა ევროკავშირისგან? ...