ევროკავშირი უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის საპასუხოდ რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მე-14 პაკეტს ამზადებს. რადიო თავისუფლებამ მოიპოვა ევროკავშირის სანქციების გაფართოების პროექტი. ახალი სანქციების პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია: ფრენის აკრძალვის რეჟიმის გამკაცრება. ოპერატორი ვალდებული იქნება განაცხადოს, ვინ არის თვითმფრინავის მფლობელი და რა ქვეყნების მოქალაქეები სხედან მასში; ევროკავშირში იმ სატრანსპორტო კომპანიების საქმიანობის აკრძალვა, რომელთა მინიმუმ 25%-ს რუსეთის მოქალაქეები ფლობენ; რუსეთიდან გათხევადებული ბუნებრივი აირის ხელახალი დატვირთვისა და გადატვირთვის სერვისების მიწოდების აკრძალვა; გათხევადებული ბუნებრივი აირის სფეროს პროექტების Arctic LNG-ისა და Murmansk LNG-ის სერვისებისა და პროდუქტების რუსეთისთვის მიწოდების აკრძალვა; გათხევადებული ბუნებრივი აირის იმპორტის აკრძალვა ევროკავშირის ტერმინალებით, რომლებიც არ არის დაკავშირებული ევროპის გაზის ქსელთან; უკრაინული კულტურის ნიმუშების შეძენის აკრძალვა, თუ არსებობს ეჭვი, რომ ეს ნიმუშები უკანონოდ იქნა გატანილი უკრაინიდან; რუსეთის ცენტრალური ბანკის ფინანსური შეტყობინებების სისტემის (SPFS) გამოყენების აკრძალვა; რუსეთის მოქალაქეების მიერ ევროკავშირში ინტელექტუალური საკუთრების უფლებების რეგისტრაციის აკრძალვა; მცენარეთა ჯიშების უფლებების გამოყენებისა და გადაცემის შეზღუდვა; ევროკავშირში პოლიტიკური პარტიებისა და ფონდების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის ანალიტიკური ცენტრების ან მედიის სერვისის პროვაიდერების რუსეთიდან დაფინანსების მიღების აკრძალვა; ჰელიუმის იმპორტის აკრძალვა; მედიის იმ სუბიექტების სიაში, რომელთაც აკრძალული აქვთ მაუწყებლობა, ოთხი მედიასაშუალების დამატება (Voice of Europe, „რია ნოვოსტი“, „იზვესტია“, „როსიისკაია გაზეტა“). ასევე ნახეთ ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთიდან თხევადი გაზის მიწოდება აკრძალოს გათვალისწინებულია ასევე ბელარუსის მიმართ სანქციების გათანაბრება რუსეთის სანქციებთან. რეგულაცია პირველ რიგში მოიცავს იმპორტისა და ექსპორტის შეზღუდვებს და სერვისების მიწოდების აკრძალვას. შეტანილია ძველი კანონის ნაწილობრივი გაუქმება სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით (ე.წ. ცარიელი დანართი, რაც ნიშნავს, რომ ევროკავშირის გავლით შესაძლებელია ბელარუსის კალიუმის ექსპორტი მესამე ქვეყნის მხრიდან გადაჭარბებული მოთხოვნის შემთხვევაში). სანქციების გაფართოების პროექტს ევროკავშირი ოთხშაბათს განიხილავს. როგორც რადიო თავისუფლების სპეციალური კორესპონდენტი იტყობინება ევროკავშირში წყაროებზე დაყრდნობით, დოკუმენტს საბოლოო სახით სავარაუდოდ მაისის ბოლომდე შეაჯერებენ და დაამტკიცებენ. ...