ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მედიაცენტრი დე ფაქტო უწყების ყოფილი ხელმძღვანელის, ინალ არძინბას მიმართვას ავრცელებს. მისი თქმით, გადადგა „ახალ სამსახურში გადასვლასთან დაკავშირებით“. უცნობია, იგულისხმება თუ რა რუსეთის პირველ არხში მუშაობის დაწყება - მანამდე არძინბა რუსული ტელეარხის წამყვანი გახდა. „მე დავწერე განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ახალ სამსახურში გადასვლასთან დაკავშირებით. ეს იყო დაგეგმილი გადაწყვეტილება. ახლა მოსკოვში ვარ. მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო ყველას, ვისთან ერთადაც მივაღწიეთ შედეგებს. დიდი სამუშაო გაიწია. წინ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი საქმეებია აფხაზეთის რესპუბლიკისა და ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ. ჩვენ გადავდგამთ ნაბიჯს მომავლისკენ, წინსვლისკენ“, - აღნიშნავს არძინბა. მანამდე გახდა ცნობილი, რომ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ ინალ არძინბა გაათავისუფლა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან. ბჟანიამ შესაბამის „ბრძანებას“ ხელი დღეს, 7 მაისს, მოაწერა. 33 წლის „მინისტრის" გადაყენების მიზეზი უცნობი იყო. ბჟანიამ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შესრულება დაავალა მოადგილეს, ირაკლი ტუჟბას. ასევე ნახეთ ბჟანიამ არძინბა გაათავისუფლა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან ინალ არძინბა, რომელიც აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას ნათესავია, დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა 2021 წლის 17 ნოემბერს. მანამდე არძინბა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდა. ხელმძღვანელობდა რუსეთის პატრიარქთან არსებულ ახალგაზრდულ საქმეთა საზოგადოებრივ საბჭოსაც. ინალ არძინბა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტში ინიციირებული „აგენტების კანონის" აქტიური მხარდამჭერია. ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდში ინალ არძინბა მწვავედ აკრიტიკებდა დასავლეთის სახელმწიფოებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს, საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) და ევროკავშირს ადანაშაულებდა აფხაზეთის „აგრესიულ იზოლაციაში". 2023 წელს არძინბამ USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტები აკრძალა და პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა სამხრეთ კავკასიაში ამ ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელი ჯონ პენელი. ინალ არძინბას, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობისას დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებთან ურთიერთობების კურატორი იყო, უკრაინა ადანაშაულებს სახელმწიფო საზღვრების შეცვლის მცდელობასა და ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგის დარღვევაში. უკრაინას არძინბაზე საერთაშორისო ძებნა აქვს გამოცხადებული და შეყვანილი ჰყავს უკრაინის მტრების სიაში. ...